მარნეულელი აქტივისტი ბიძამისის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას „ქართული ოცნების“ ზეწოლად აფასებს
არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების მარნეულის კოორდინატორი და სამოქალაქო აქტივისტი რაშან ზიადალიევი , 5 დეკემბერს, ბიძამისის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას მმართველი პარტიის მიერ მისი დაშინების და ბიძამისის პოლიტიკურ აქტივობაში ჩართვის მცდელობად აფასებს.

ზიადალიევის ბიძა, ისმაილ ჩობანოვი მარნეულში ერთ-ერთი გავლენიანი ადამიანია, რომელსაც როგორც რაშანი ამბობს, მარნეულის თითქმის ყველა სოფელში ჰყავს სანაცნობო წრე.

„ამ ჩხრეკის შემდეგ „სხვა პირებმა“ მას უთხრეს, რომ 2020 წლის არჩევნებში დაეხმარე „ქართულ ოცნებას“, წინააღმდეგ შემთხვევაში რა იცი რა ხდებაო“ - გვეუბნება რაშან ზიადალიევი

სამართალდამცავმა უწყებებმა ჩობანოვების ოჯახში ჩხრეკა 2019 წლის 5 დეკემბერს ჩაატარეს. როგორც რაშანი ამბობს, ჩხრეკის ჩატარების მიზეზად პოლიციელებმა 112-ში შესული ზარი დაასახელეს, სადაც ამბობდნენ, რომ ჩობანოების ოჯახში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა გაიგონეს.

„როდესაც პოლიციელები სახლში შევიდნენ ოჯახის წევრებს აჩვენეს ნებართვის წერილი (სასამართლოს განჩინება), მაგრამ ოჯახის წევრებმა არ იციან ქართული ენა და შესაბამისად არ იცოდნენ ეს ნამდვილად ნებართვის წერილი იყო თუ არა. მათთან ერთად თარჯიმანიც იყო, მაგრამ ის არ ასრულებდა თავის ფუნქციას, ოჯახის წევრებს უბრალოდ უთხრა, რომ პოლიციელებს სასამართლოს მიერ გაცემული განჩინება ჰქონდათ და ჩხრეკა უნდა ჩაეტერებინათ“ - ამბობს რაშან ზიადალიევი

საქართველოს პროკურატურამ რამდენიმე დღეში ოჯახს აცნობა, რომ ჩხრეკის შემდგომ სისხლის სამართლის საქმე არ გახსნილა. როგორც აქტივისტი ამბობს, მათ ორჯერ მიმართეს პროკურატურას კითხვით, თუ რამდენად კანონიერი იყო ჩხრეკის ჩატარება და თხოვდნენ, რომ სასამართლოს განჩინების ასლი, რომლის საფუძველზეც ჩხრეკა ჩატარდა, მათთვის გადაეცათ.

პირველ კითხვაზე პასუხი მიიღეს, პროკურატურის წერილში აღნიშნული იყო, რომ ჩხრეკა კანონის ფარგლებში განხორციელდა. რაც შეეხება სასამართლოს განჩინებას, მისი ასლი ჩობანოვებისთვის უკვე 22 დღეა არ გადაუციათ.

რაშან ზიადალიევმა რადიო „მარნეულთან“ განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში ადვოკატებს შეხვდებიან და საქმის სამართლებრივ განხილვას მოითხოვენ.

რადიო „მარნეული“

Print