სიახლე
ახალი რეგულაციები საქართველოში სათამაშოების უსაფრთხოების გასაკონტროლებლად

საქრთველოში სათამაშობის უსაფრთხოება გაკონტროლდება.

მთავრობამ სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი უკვე დაამტკიცა. დადგენილება 2021 წელს ამოქმედდება, თუმცა დღეს, 22 იანვრიდან,ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია შეამოწმოს ბაზარზე განთავსებული სათამაშოების შესაბამისობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან და გასცეს რეკომენდაციები სათამაშოების შესაბამისობაში მოსაყვანად.

რადიო მარნეული დღეს რამდენიმე სავაჭრო ობიექტში იმყოფებოდა, მოვაჭრეები ამბობენ, რომ არაფერი იციან სათამაშოს წარმომავლობის და მისი უსაფრთხოების შესახებ. ცვლილებების შესაბამისად, მწარმოებელი ვალდებული იქნება სათამაშოს თან დაურთოს ქართულ ენაზე შედგენილი შესაბამისი უსაფრთხოების ინსტრუქციები და პროდუქტის უსაფრთხო მოხმარებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. შესაბამისი ინფორმაციის დართვა რომ საჭიროა ამაში დღეს ჩვენი რესპონდენტებიც გვეთანხმებიან.

„რომელი ქვეყნიდანაც ჩამოდის სათამაშოები, იმ ენაზე უწერიათ. ქართულად არ წერია და რომ უნდა იწერებოდეს, ამის შესახებ არავის არ უთქვამს ჩვენთვის“

„სათამაშოებს რომ ვყიდი აწერია რამდენი წლის ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. საქართველოში ამზადებენ და ქართულად აწერია, მე თვითონ სად დავაწერინო“ - ამბობენ მოვაჭრეები


ბაზარზე არსებულ სათამაშოებზე რეკომენდაციის გაცემა ჯერ მარნეულის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურს დავალებული არ აქვს, თუმცა ვარაუდობენ, რომ შესაძლოა კონტროლის მექანიზმი დელეგირებული უფლებით გადაეცეთ.

საქართველოს ბაზარზე სათამაშოების უსაფრთხოებისა და მონიტორინგის კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა რომაა ამას ერთ-ერთი ბოლოდროინდელი კვლევაც გვიჩვენებს. სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა სათამაშოების შემოწმება 2016 წლს დაიწყო და 2017 წლის პირველნახევარში დასრულა. კვლევის თანახმად, ქვეყანაში შეძენილი ათი სათამაშოდან ცხრაში მავნე ნივთიერება აღმოჩნდა, რომელიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა და მისი სათამაშოში გამოყენება ევროკავშირში აკრძალულია.

მთავრობის მიერ დამტკიცებული რეგლამენტის მიხედვით, მწარმოებელი, 2021 წლის პირველი იანვრიდან, ვალდებული იქნება, უზრუნველყოს ბაზარზე მხოლოდ ისეთი სათამაშოს განთავსება, რომელიც დაპროექტებული და დამზადებულია დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად და თან ერთვის შესაბამისობის დეკლარაცია.

სათამაშოების იმპორტიორი კი, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან, ვალდებული იქნება შემოსავლების სამსახურს და ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს „სათამაშოს იმპორტის წინასწარი შეტყობინება“ [რომლის ფორმა, შევსებისა და დადასტურების წესი, შემდგომში საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით განისაზღვრება].

 

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია