სიახლე
ხიხანში არსებული პრობლემების მოგვარებისათვის EMC საქართველოს მთავრობას და მარნეულის მერიას მიმართავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანში არსებული პრობლემების მოგვარებისათვის არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მარნეულის მერიასა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართავს.

როგორც EMC-ს წერილშია აღნიშნული, სოფლის მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები რეგისტრირებული არ აქვთ რის გამოც მოსახლეობა ერთადერთი შემოსავლის წყაროს, სოფლის მეურნეობის, გარეშე რჩება. სოფელში ასევე პრობლემატურია სარწყავი და სასმელი წყლის სისტემები და ეკოლოგიური მდგომარეობა.

როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ხიხანის მცხოვრებმა ნანა გაბაიძემ თქვა, მოსახლეობას, მიუხედავად იმისა, რომ სოფელში მილები გაყვანილია, ამ დრომდე აწუხებთ სასმელი წყლის პრობლემა.

„გრაფიკით მოგვეწოდება საქაჩი წყალი, რომელიც ხრამიდან მოდის, მაგრამ ეს წყალი საკმარისი არაა, ხრამის წყალს ძირითადად სარეცხად ვიყენებთ ხოლმე. სასმელად კი მთის წყალს ვიყენებთ. ეს წყალი ავზებში გროვდება სოფელში სამ ადგილას მოდის“ - გვეუბნება ნანა გაბაიძე

რადიო „მარნეულს“ საქართველოს მელიორაციაში განუცხადეს, რომ სოფელში სარწყავი წყლის სისტემის მოწყობა წელს იგეგმება. რაც შეეხება სოფლის ირგვლივ არსებულ ანტისანიტარიულ მდგომარეობასა და გარემოს დაბინძურებას, მარნეულის მერიაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე სოფელში სანაგვე ურნების შეტანა დაგეგმილი არაა.

EMC-მ სოფელში არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით საქართველოს მთავრობასა და ეკონომიკისა და მდგადი განვითარების სამინისტროსაც მიმართა და მოითხოვა, რომ გაითვალისწინონ სოფელ ხიხანში მცხოვრები ეკომიგრანტების მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობები და უზრულველყონ ამ ოჯახებისთვის მათი სოფლის გარშემო მდებარე, სახელმწიფო საკუთრებში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები გადაცემა ადეკვატურ პირობებში და დროულად.

„მოსახლეობა სახელმწიფო სტრუქტურების გულგრილობას უკვე წლებია ხვდება, რაც მათ სოციალურ უიმედობას აღრმავებს. ამ მიზეზებიდან გამომდინარე ჩამოსახლებული ოჯახების ნაწილი, ისევ უკან მაღალმთიან აჭარაში ბრუნდება.“ - წერია EMC-ს მიმართვაში

სოფელ ხიხანში მაღალმთიანი აჭარიდან ეკომიგრანტი მოსახლეობის ჩამოსახლება 1990 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება.

რადიო „მარნეული“


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია