მამუკა ნავერიანის უკონკურენტო გამარჯვება
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი ქვემო ქართლის კრივის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს.

ქვემო ქართლის კრივის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები დღეს, 27 იანვარს, მარნეულის მერიაში ჩატარდა. ნავერიანი ფედერაციის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო.



„გამოცხადდა ვაკანტური ადგილი, მე ვფიქრობდი, რომ ჩემი გამოცდილებით, ჩემი საქმისადმი მიდგომით, ობიექტურ და რეალურ წვლილს შევიტან ქვემო ქართლის კრივის განვითარებაში. მოხდა მსჯელობა (საარჩევნო კომისიის მიერ) და მხარდაჭერილი იქნა ჩემი კანდიდატურა“ - გვეუბნება მამუკა ნავერიანი

ქვემო ქართლის კრივის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მარიამ დუნდუამ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ საარჩევნო კომისიამ მამუკა ნავერიანი ერთხმად აირჩია, წინააღმდეგი არავინ ყოფილა და თავიც არავის შეუკავებია.

როგორც ნავერიანმა ჩვენთან საუბრისას თქვა, ის ახლო მომავალში კრივის განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიან გეგმებს შეადგენს.

მამუკა ნავერიანმა აღნიშნა, რომ ქვემო ქართლის კრივის ფედერაციის პრეზიდენტად გახდომა მას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ფუნქციების შესრულებაში ხელს არ შეუშლის და პირიქით, დაეხმარება კიდეც.

რადიო „მარნეული“


Print