სიახლე
თაქალოს ბიბლიოთეკა მხოლოდ სასკოლო სახელმძღვანელოების იმედად
1500-ზე მეტი ადამიანით დასახლებულ თაქალოში არსებობს ბიბლიოთეკა, რომელიც სკოლაშია განთავსებული და მისით სარგებლობა მხოლოდ მოსწავლეებს შეუძლიათ.

აღმოჩნდა, რომ ბიბლიოთეკა დიდად არც მათ ადგება, რადგან იქ მხოლოდ სკოლის სახელმძღვანელოები ინახება. შესაბამისად, მოსწავლეებს, ვისაც კლასგარეშე ლიტერატურის წაკითხვა სურს, წიგნისთვის მარნეულში უწევს წასვლა. თაქალოდან მარნეულამდე კი 30 კილომეტრია.

“თაქალოში ბიბლიოთეკა ფორმალურად არსებობს, რადგან სასკოლო სახელმძღვანელოების გარდა სხვა წიგნები არ აქვთ. მე მინდა ჩვენ სოფელში იყოს კარგი ბიბლიოთეკა“, - ამბობს თაქალოს სკოლის მოსწავლე რუგია გაშიმოვა.

თაქალოს სკოლის კიდევ ერთი მოსწავლე, აფან გარაევა გვიყვება, რომ მარნეულის ბიბლითეკამდე მისვლა მათთვის არც ისე მარტივია.

“საინტერესო წიგნები ძალიან მომწონს, მაგრამ ჩვენ სოფელში ამის საშუალება არ გვაქვს. ამიტომ, მე მარნეულში მივდივარ და იქიდან ვიღებ წიგნებს. ეს ჩემთვის დიდი პრობლემაა, რადგან მარნეული ჩვენი სოფლიდან შორს მდებარეობს და ავტობუსებიც კარგად არ მუშაობს”

თაქალოს სკოლა თურქეთის თანამშრომობისა და კოორდინაციის სააგენტომ (tika) 2015 წელს გაარემონტა. მაშინ მოსწავლეებს დაპირდნენ, რომ სკოლის ერთ-ერთ ოთახში ბიბლიოთეკა იქნებოდა. ბიბლიოთეკა არსებობს, თუმცა, ფაქტობრივად უსარგებლოა.

თაქალოს საჯარო სკოლის დირექტორი ჰუსეინ ჰუსეინოვი რადიო „მარნეულთან“ ამტკიცებს, რომ სკოლის ბიბლიოთეკას წიგნები აქვს. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეებს სხვა წიგნების ინტერესი აქვთ, ის მზადაა შეიძინოს. დირექტორმა თქვა, რომ მოსწავლეებს დაელაპარაკება და გაიგებს, თუ რა ტიპის ლიტერატურა უნდათ იხილონ ბიბლიოთეკაში.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა სოფლების ბიბლიოთეკებს წიგნებით ამარაგებს. უწყების წარმომადგენელმა გვითხრა, რომ თაქალოს საჯარო სკოლას დაუკავშირდებიან და გაარკვევენ, თუ რა სახის წიგნები სჭირდებათ. შემდეგ კი, ეროვნული ბიბლიოთეკა წიგნებს თაქალოს სკოლასაც გადასცემს.

რადიო "მარნეული"
ჯასურ ჰაჯიევი


| Print |