4 წელი ბურმის მოსახლეობა ჭაბურღილიდან იმ წყალს ელოდა რომელსაც მარნეულის მერიამ ვერ მიაგნო
სოფელ ბურმაში 2016 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა გადაწყვიტა. თავდაპირველად გამოცხადდა ტენდერი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე, რაშიც თვითმმართველობამ შპს „ვექტორ - სტუდიო +“-ს 7 670 ლარი გადაუხადა. უშუალოდ ჭაბურღილის მოწყობისათვის კი მერიამ 37 682 ლარი დახარჯა.

ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები 2016 წელსვე დასრულდა, მაგრამ ვერც ადგილობრივმა თვითმმართველობამ და ვერც მშენებარე კომპანიამ სასმელ წყალს ვერ მიაგნეს.

დღეს, 2020 წლის 28 იანვარს, სოფელ ბურმაში სასმელი წყალი ისევ არ აქვთ. სწორედ ეს გახდა სოფლის მოსახლეობის პროტესტის მიზეზი. ისინი მარნეულის მერიის წინ შეიკრიბნენ და სოფელში სასმელი წყლის გაყვანას ითხოვდნენ.

„ზუსტად 4 წლის წინ დაიწყეს სამუშაოები, მაგრამ წყალი ჯერ კიდევ არ გვაქვს. ყოველ მეორე დღეს თითო ოჯახს 60 ლიტრ წყალს აძლევენ, მაგრამ ეს არაფერში გვყოფნის. სახლში 7 ადამიანი ვართ, წყლის დალევა გვინდა, ხელების დაბანა, ჭურჭლის დარეცხვა, რაში უნდა გვეყოს 60 ლიტრი წყალი!? ვითხოვთ, რომ რაც შეიძლება მალე მოაგვარონ ეს პრობლემა“ - გვეუბნება სოფელ ბურმის მკვიდრი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა

რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა უთხრა, რომ ბურმაში ახალი ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოებისათვის ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, სამუშაოების დასრულებამდე კი ოჯახებს 60 ლიტრ წყალს ყოველდღიურად მისცემენ.

მარნეულის მერის მოადგილემ ზაურ ტაბატაძემ გვითხრა, რომ 2016 წელს განხორციელებული პროექტიდან მუნიციპალიტეტს თანხა არ დაუკარგავს. მერიამ სოფელ ბურმაში სასმელი წყლის ჭაბურღილისა და შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოების საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემდგენ კომპანიას „ვექტორ - სტუდიო +“-ს სასამართლოში უჩივლა, რადგან მათ დოკუმენტაციის შედგენისას შეცდომა დაუშვეს, და პროექტით გახარჯული თანხა უკან დააბრუნებინა.

რადიო "მარნეული"


Print