რა აკლია მარნეულს საგზაო უსაფრთხოების გასაზრდელად
ცალმხრივი მოძრაობა რუსთაველის ქუჩაზე, პარკინგი მხოლოდ ქუჩის ერთ მხარეს, ტროტუარების ერთი მხარე მხოლოდ ქვეითად, ხოლო მეორე ველოსიპედებით მოსიარულეებისათვის, ახლომდებარე სოფლების მარნეულთან ველობილიკებით დაკავშირება, ზებრა გადასასვლელების ხარისხიანი საღებავებით შეღებვა და ცნობიერების გაზრდა ქალაქში ფეხით გადაადგილებისას მაღალაშვილის ხიდის გამოყენებისათვის - ეს იმ იდეების ჩამონათვალია, რომლებიც საგზაო უსაფრთხოების თემაზე დისკუსიის დროს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაჟღერდა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორმა მარიამ სამხარაძემ თქვა, რომ საგზაო უსაფრთხოების თემაზე დისკუსია 2019 წლის 11 ნოემბერს მომხდარ შემთხვევას უკავშირდება, როდესაც N3 საჯარო სკოლის მოსწავლეს ქუჩაზე გადასვლისას მანქანამ დაარტყა.

შეხვედრაზე საგზაო უსაფრთხოების კუთხით მარნეულსა და საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის წარმომადგენელმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ წარმომადგენელი.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ ქალაქ მარნეულში ყველაზე დიდ პრობლემას ცენტრალური, რუსთაველის, ქუჩის გადატვირთულობა წარმოადგენს, რასაც გარკვეულწილად საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეფექტურობისა და ინტენსივობის გაზრდა მოაგვარებს.

„ასევე აღსანიშნავია, რომ მარნეულში შესაძლებელია საკმაოდ კარგი ველობილიკების მოწყობა, რასაც ხელს შეუწყობს მარნეულის გეოგრაფიული მდებარეობა. ის, რომ ქალაქი სწორ სივრცეზე მდებარეობს გვაძელვს საშუალებას, რომ ქალაქში ველობილიკები მოვაწყოთ“ - გვითხრა თემურ სუყაშვილმა

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ წარმომადგენელმა მარიამ კუკავამ რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ საქართველოში საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით ძალიან ცუდი მდგომარეობაა.

„პრობლემები დაკავშირებულია საგზაო ინფრასტრუქტურასთან, ცნობიერების დაბალ დონესთან, საკანონებლო მდგომარეობასთან და კანონის აღსრულებასთანაც. აღსრულებასთან დაკავშირებით ძალიან რთულია, რომ პატრულს დავავალოთ აკონტროლოს ყველა დარღვევა და ამ მხრივ ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია „ჭკვიანი ვიდეოკამერები“, რომლებიც სიჩქარის გადაჭარბებას აფიქსირებს“

„პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ წარმომადგენელმა ასევე თქვა, რომ პრობლემის მოგვარების ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმი მოსახლეობაში საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებაა, მაგრამ ვინაიდან ეს დროში ძალიან გაწელილი პროცესია, ამ ეტაპზე საკანონმდებლო ნორმების გამკაცრება და მათი აღსრულება უნდა იყოს პრიორიტეტული.

რადიო „მარნეული“


Print