სიახლე
სტიქიური ნაგავსაყრელი ხიხანში - საფრთხე სიცოცხლისთვის
„ჩემი შვილი, 4 წლის იყო მაშინ, გარეთ გავიდა სათამაშოდ სხვა ბავშვებთან ერთად. შუშა იყო გადაყრილი სანაგვეზე, წაიქცა თამაშისას და დაეცა, თვალი იტკინა. დღეს კიდევ ინვალიდია ჩემი ბავშვი ნაგვის ურნის გამო, რომ ყოფილიყო, ბავშვი ხომ ინვალიდი არ დარჩებოდა“, - ნარგიზ გორგაძე 2007 წელს მომხდარ ამბავს იხსენებს, როცა მისმა შვილმა ნაგავსაყრელზე წაქცევის გამო, ცალ თვალში მხედველობა სრულად დაკარგა. დღეს ლევანი 17 წლის არის და მეგობრებთან ერთად სოფელ ხიხანს ნაგვისგან საკუთარი ხელით ასუფთავებს.

მოზარდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სოფელი თავისუფალი იყოს სტიქიური ნაგავსაყრელისგან. ამიტომ, პროექტებს წერს და მინიმალური დაფინანსების მოძიებას ცდილობს, რომ მისი დაშავებიდან 13 წლის მერე, სოფელში ბავშვებმა უსაფრთხოდ ითამაშონ.

„ახალგაზრდები ვიკრიბებით ხოლმე, ვიძიებთ სხვადასხვა ორგანიზაციას, რომელიც შესაბამისი ნივთებით დაგვეხმარება და შემდეგ ვასუფთავებთ სოფელს. მოგროვებული ნაგვის გატანას მუნიციპალიტეტს ვთხოვთ, მოდის მანქანა და მიაქვს ნაგავი“, - გვეუბნება ლევან მახარაძე




მართალია, ახალგაზრდები პერიოდულად ახერხებენ სოფელ ხიხანის საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გაწმენდას, მაგრამ პრობლემის საბოლოოდ გადაჭრა წლებია ვერ ხერხდება. სოფელში ნაგვის ურნები არ არის, რის გამოც მოსახლეობა ნარჩენებს კვლავ სტიქიურ ნაგავსაყრელებზე ყრის. ეს საფრთხეს უქმნის როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე შინაურ ცხოველებს.

„ნაგავს პირუტყვი ჭამს, რაც მათში სიკვდილიანობას იწვევს. ეს ხდება რაღაც დაავადების გამომწვევი, რის დადგენასაც მოსახლეობა დიდი ხანია ვცდილობთ. თუმცა, ვერ დადგინდა რა დაავადებაა ასეთი, რომ ხანდახან პირუტყვი ისე იხოცება, დაკვლასაც ვერ ვასწრებთ“, - გვეუბნება ხიხანის მკვიდრი ნანა გაბაიძე

ხიხანის მოსახლეობამ ქვემო ქართლის გუბერნატორისგან, შოთა რეხვიაშვილისგან ურნების დადგამის დაპირება მიიღო, თუმცა რეალურად სოფელში არაფერი გაკეთებულა.

„ქვემო ქართლის გუბერნატორისგან გვქონდა დაპირება, რომ სოფელში დაიდგმებოდა ნაგვის ურნები. ასევე ორი წლის წინ გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც უშუალოდ გამგეობა და დასუფთავების სამსახური ესწრებოდა. სოფლში ურნების განთავსების შემთხვევაში, ნაგვის გატანასთან დაკავშირებული, საბურავის წვისა და სიშორის ხარჯებს ითვლიდნენ. ამიტომაც დღემდე არ გვაქვს ურნები სოფელში“, - ამბობს რეზო შავაძე.

ქვემო ქართლის გუბერნიაში დაპირება დღეს ძალაში დატოვეს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ უახლოეს პერიოდში მარნეულის მუნიციპალიტეტი სანაგვე ურნებს შეიძენს და ხიხანშიც განათავსებს.

გუბერნიისგან განსხვავებული ინფორმაცია მოგვაწოდა მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა მარიამ ხაჩიძემ. მისი თქმით, ამ ეტაპზე სოფელში სანაგვე ურნების შეტანა არ იგეგმება. მარნეულის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის სტრატეგიული გეგმის მიხედვით, 2022 წელს მუნიციპალური დასუფთავების სამსახური მარნეულის ყველა სოფელს უნდა მოემსახუროს.

„თუ სოფლის ახალგაზრდები, ხანდახან მაინც არ დავასუფთავებთ სოფელს, იგი ნაგვით აივსება“, - გვეუბნება 17 წლის მედეა ჯაიანი

გამოდის, რომ თუ გუბერნიის დანაპირების ლოდინი მოსახლეობას კვლავ ორი წელი მოუწევს, 2022 წლამდე, სოფელი მხოლოდ ახალგაზრდების იმედად დარჩება. ამ დროის განმავლობაში იარსებებს მუდმივი საფრთხე, ლევანის მსგავსად, თამაშის დროს, შუშის ნამსხვრევებზე თუ სხვა წვეტიან საგნებზე, ბავშვები დაშავდნენ.

რადიო „მარნეული“

ლელა მახარაძე
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია