სიახლე
ტროტუარები მანქანებისთვის - წლების პრობლემა მარნეულში


მარნეულის ქუჩებში პარკირების სისტემა არ არსებობს. ფეხით მოსიარულეებისთვის გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. გზის ორივე მხარეს მანქანებია ჩამწკრივებული. ცარიელი არც ტროტუარებია. ქვეითებს მანქანებს შორის გზის გაკვლევა და ავტომობილების სავალ ნაწილზე გადასვლა უწევთ. მარნეულში ერთ-ერთი ხალხმრავალი ადგილი რუსთაველის ქუჩაა, სადაც რადენიმე ბანკია განლაგებული. ავტომობილების გასაჩერებელი ადგილი არ არსებობს, რის გამოც მძღოლები ტროტუარს იკავებენ. პარკინგის ნიშანს კი მთელს ქალაქში ვერსად შეხვდებით. მოსახლეობა ამ პრობემით წლებია შეწუხებულია.



„პარკინგის ადგილი უნდა არსებობდეს მარნეულში, რომ ელემენტარულად შეეძლოს ადამიანს სადმე გააჩეროს მაქნქანა. იმიტომ, რომ არც ქვეითს შეუშალოს სიარულში ხელი და არც სხვა მანქანას“

„წესით მანქანა გზაზე უნდა იდგეს და არა ტროტუარზე, მაგრამ აქ (მარნეულში) მსგავსი რამე არაა. პრობლემა გვექმნება გადაადგილებაში, გზაზე გვიწეს გადასვლა და საფრთხეში ვიგდებთ ჩვენს თავს“

„ახლახან ბანკის წინ ისე გააჩერეს მანქანა, რომ გადასვლა ვერ მოვახერხეთ. პატრული მიდიოდა მაგ გზაზე იმ წუთას ვანიშნე, მაგრამ ხელი გამიქნია“,
- ამბობენ ადგილობრივები.

რადიო „მარნეულს“ პარკირების საკითხთან დაკავშირებით მასალა არაერთხელ მოუმზადებია, მათ შორის იმ პერიოდში, როცა მუნიციპალიტეტს მერაბ თოფშიშვილი ხელმძღვანელობდა. მაშინ, 2016 წელს, მუნიციპალიტეტში გვითხრეს, რომ პარკინგის პრობლემის მოსაგვარებლად სპეციალისტების მოწვევას აპირებდნენ, მაგრამ დაახლოებით ოთხი წლის განმავლობაში, პარკირების თემაზე საუბარი მუნიციპალიტეტში არ ყოფილა. ხუთი თვის წინ, მარნეულის მერის მოადგილემ, ლაშა ლობჯანიძემ, ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ არსებული პრობლემის მოგვარებას უახლოეს პერიოდში გეგმავდნენ. 2019 წლის 6 სექტემბერს გამოცხადდა ტენდერი, რომელსაც ჰყავს გამარჯვებული, თუმცა, ამ დრომდე ქალაქში საპაკინგე ზონის მოსაწყობად სამუშაოები არ დაწყებულა. როგორც ირკვევა, მარნეულის ბაზრის ტერიტორიაზე, საპარკინგე ზონის მოწყობის საკითხი ბოლო ეტაპებს გადის.

„სახარჯთაღრიცხვო საპროექტო დოკუმენტაცია მომზადებული გვაქვს. ამ ეტაპზე ეს დოკუმენტაცია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გვაქვს გადაგზავნილი, დასკვნას ველოდებით და როდესაც პასუხი მოგვივა, განვახორციელებთ სამუშაოებს. იცით, რომ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქაოსური მოძრაობაა, შესაბამისად გადაადგილებაც ჭირს. სწორედ ამ ადგილზე მოეწყობა საპარკინგე ზონა, შემდგომ ეტაპობრივად სხვა ადგილებშიც მოვაწყობთ“- გვეუბნება მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი დავით ხარშილაძე და აღნიშნავს, რომ საპარკინგე ზონისათვის სამუშაოების დაწყების ზუსტი დრო მისთვის ცნობილი არაა.

მერიამ ქალაქ მარნეულში რუსთაველისა და აღმაშენებლის ქუჩების გადაკვეთაზე განთავსებული საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი შუქნიშნისა და მიმდებარე ტერიტორიის მონიშვნის, რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციისა და აღმაშენებლის ქუჩაზე (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია 3187 კვ.მ) პარკირების მონიშვნის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებისათვის 11 000 ლარი გამოყო. მთლიანობაში კი ამ სამუშაოების შესრულება მერიას დაახლოებით 140 000 ლარი დაუჯდება.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია