საიმერლოში სოფლის კრება ჩაიშალა
დღეს, 29 იანვარს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში სოფლის კრების ჩატარება იგეგმებოდა. კრების ლეგიტიმაციისათვის მას 200 მოსახლე უნდა დასწრებოდა.

საიმერლოში სოფლის კრება ჩაიშალა და მომდევნო კვირისათვის გადაიდო. ადგილზე მოსახლეობის საკმარისი რაოდენობა არ გამოცხადდა.

სოფლის კრების ჩატარების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია საიმერლოელ ქეთევან ქველაძეს.

„ჩემთვის არავის არ უთქვამს, რომ შეხვედრა უნდა ჩატარებულიყო. რომ მცოდნოდა აუცილებლად დავესწრებოდი“ - გვეუბნება ქეთევან ქველაძე

ქეთევანის მსგავსად, სოფლის კრების ჩატარებაზე ინფორმაცია არ ჰქონია საიმერლოს კიდევ ერთ მოსახლეს.

„თქვენგან პირველად მესმის, რომ სოფლის კრება ჩატარდა. რომ მცოდნოდა მივიდოდი, მაგრამ ჩემთვის არავის არეაფერი უთქვამს. სამეზობლოშიც ვიყავი გასული დღეს და არავის არ უთქვამს რომ ასეთი შეკრება უნდა ჩატარებულიყო, თორემ დიდი სიამოვნებით წავიდოდი და ჩემს სათქმელსაც ვიტყოდი“ - გვეუბნება საიმერლოელი ქალი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა

მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა მარიამ ხაჩიძემ რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ სოფლის კრებებთან დაკავშირებით ინფორმაცია ოფიციალურ საიტზე და ფეისბუქ გვერდზეც ჰქონდათ გამოქვეყნებული, ასევე სოფლის რწმუნებულის ინფორმაციით ხალხმრავალ ადგილებში განცხადებები იყო გავრცელებული და რწმუნებული პირადადაც გაესაუბრა მოსახლეობას.

იმ შემთხვევაში, თუ საიმერლოში სოფლის კრება მეორედაც ჩაიშლება, სოფლისათვის გამოყოფილი 20 000 ლარი კვლავ ცენტრალურ ბიუჯეტში დაბრუნდება.

რადიო "მარნეული"

Print