მარნეულში ჟვანიას სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს
დღეს, 30 იანვარს, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ მარნეულში სერთიფიკატების გადაცემის ღონისძიება გამართა. სერტიფიკატები გადაეცათ მარნეულის, დმანისისა თეთრიწყაროს და ბოლნისის რეგიონულ სასწავლო ცენტრების 35 წარმატებულ კურსდამთავრებულს. როგორც რადიო მარნეულთან საუბარში „სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ხელმძღვანელი“ მაკა ომიაძე ამბობს, ეროვნული და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებმა ჟვანიას სკოლის „სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის“ A1 და A2 დონის სასწავლო კურსები გაიარეს.

„ბევრი შრომის შედეგად მათ შეძლეს ამ სერტიფიკატების აღება. დარწმუნებული ვარ, ისინი კვლავ გააგრძელებენ სწავლას შემდეგ დონეებზე, რაც მათ წინსვლასა და კარიერის შექმნაში დაეხმარება“


დღეს სერთიფიკატი მიიღო მარნეულელმა ულვია მამედოვამაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მისთვის სახელმწიფო ენის შესწავლა მნიშვნელოანია და პროგრამაში სწავლებას აუცილებლად გააგრძელებს.

ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მარნეულის რეგიონული სასწავლო ცენტრის დირექტორი ჯამილა გუსეინოვა ამბბობს, რომ ამჟამად მათ სასწავლო პროგრამას სულ 21 ჯგუფი გადის.

„ჯგუფები შერეულია. ერთ ჯგუფში მაქსიმუმ 15 მსმენელი გვყავს, რომელშიც ხვადასხვა კატეგორიის ადამიანები არიან. ძირითადად არის აბიტურიენტები, სტუდენტრბი, საჯარო მოხელეები და ზოგადად მოსახლეობა“.

ჟვანიას სკოლაში განმარტავენ, რომ A1 და A2 დონის ფლობის შედეგად, მსმენელები შეძლებენ სპეციფიკური ქართული ბგერების სწორად წარმოთქმას, ყოველდღიურ ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მარტივი ტექსტების ადეკვატურად გაგებას, სწორად წერასა და მეტყველებას და ა.შ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ჟვანიას სკოლის რეგიონული სასწავლო ცენტრების კოორდინატორები ადმინისტრატორები, ტრენერები, ბენეფიციარები.

Print