მარნეულის ქუჩებში ფოთლებს წვავენ
მრნეულში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ეზოში, დღეს, 31 იანვარს, ფოთლებს წვავენ.

ნარჩენების მართვის კოდექსის 35-ე მუხლის მიხედვით, ფოთლების დაწვა კანონით დასჯადი ქმედებაა და 200-დან 500 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. მარნეულის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურში გვეუბნებიან, რომ ფოთლების დაწვის შემთხვევაში, დაჯარიმება მათი მოვალეობა არ არის. მსგავს ფაქტებზე რეაგირებას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახდენს. მერიის ზედამხედველობის უფროსი გელა მუმლაძე ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ფოთლების დაწვაზე მიმართეს.

“ჩვენ ადგილზე მაინც გავალთ, ვნახავთ რა სიტუაციაა, რამეზე ხომ არ გადადის ცეცხლი და თუ ვინმეს გამოძახება დაგვჭირადა, დავრეკავთ“.


გარკვეული დროის შემდეგ, ვცადეთ, გადაგვემოწმებინა, გავიდა თუ არა ჯგუფი ადგილზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურში რადიო „მარნეულს“ უთხრეს, რომ ფოთლების ნამწვის კვალი ვერსად შეამჩნიეს.

რადიო „მარნეული“ კიდევ ერთხელ მივიდა ადგილზე, სადაც ტერიტორია სრულიად დასუფთავებული დაგვხვდა. ფოთლის ნარჩენები კი მოშორებითაა გადატანილი, სადაც კვამლი კვლავ შეიმჩნევა.



ერთმანეთის მიყოლებით, შვიდ ადგილას დამწვარი ფოთლებია რუსთაველის ქუჩაზეც (ფოსტის მიმდებარე ტერიტორია).



ახლოს მდებარე მშენებლობაზე დასაქმებულები რადიო „მარნეულთან“ ამბობენ, რომ დილით მისულებს, ფოთლები დამწვარი დახვდათ. კიდევ ერთი მარნეულელი ჰყვება, რომ იმ ადგილას ფოთლები ორი დღის განმავლობაში იყო მოგროვებული. შპს „სუფთა მარნეულის“ დირექტორი, ლერი მუმლაძემ განმარტავს, რომ ქუჩა სამსახურის თანამშრომლებმა დაგავეს, თუმცა ფოთლების დაწვის ფაქტს კატეგორიულად გამორიცხავს. მოგროვებული ფოთლების ორი დღით ადგილზე დატოვებას კი ნაგავმზიდის გაფუჭებით ხსნის.



ქუჩაში ფოთლების დაწვა კანონით იმიტომ აიკრძალა, რომ მისი ნამწვი ადამიანის ჯანმთელობაზე ცუდად აისახება. აბინძურებს როგორც ჰაერს, ისე ნიადაგს. ჰაერში გამოყოფილი ტოქსინები აზიანებს სასუნთქ ორგანოებს, სისხლძარღვთა სისტემას, ცენტრალურ ნერვულ სისტემას და ა.შ.


Print