სიახლე
ხიხანში გამოკვლეულ მოსახლეობას ძირითადად ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი ცვლილებები აღენიშნებათ
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანის მოსახლეობას არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-მ (ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა) იურიდიული, სამედიცინო და სოციალური მომსახურეობა გაუწია.

ეკომიგრანტის ოფიციალური სტატუსის მინიჭება, გაუფორმებელი კერძო საკუთრება - საცხოვრებელი სახლები და მიწის ნაკვეთები, სოციალური მუშაკის კონსულტაციები სოციალურ შემწეობასთან დაკავშირებით, სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა, გზა და სამედიცინო მომსახურეობასთან მიუწვდომლობა, ეს ის პრობლემებია, რომელიც EMC-მ, 2 თებერვალს, ხიხანში ვიზიტისას გამოავლინა.

შეხვედრაზე მოსახლეობას სამედიცინო კონსულტაციის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა. ექიმმა რადიოლოგმა ეკა ნადირაშვილმა რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ 30-მდე პაციენტს ულტრაბგერითი კვლევები ჩაუტარდა.

„აქედან, უმრავლესობას აღენიშნებოდა ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი ცვლილებები. ასევე, გამოვლენილიიქნა საშვილოსნოს და მისი დანამატების მხრივ ცვლილებები. ძირითადად გინეკოლოგიური ჩივილებით მოგვმართავდნენ ქალბატონები. უმრავლესობაში ნამდვილად იქნა ეს ცვლილებები დაფიქსირებული. მუცლის ღრუს ულტრაბგერითი კვლევით ძირითადად გამოვლენილი იქნა, ნაღვლის ბუშტის პათოლოგიური ცვლილებები. პაციენტებს მიეცათ შესაბამისი რეკომენდაციები“. - ამბობს ეკა ნადირაშვილი

ხიხანის მოსახლეობას სოციალურ მუშაკთან ძირითადად სოციალურ შემწეობასთან დაკავშირებული კითხვები ჰქონდათ.

„ხალხს არ აქვს ინფორმაცია და განმარტება სოციალური მომსახურების სააგენტოსგან. თუ რა მიზეზით ხდება ხშირად სოციალური დახმარების შეწყვეტა, ან რა უნდა გაითვალისწინონ ოჯახის წევრთა რაოდენობის ცვლილებისას. როდის რას უნდა მიმართონ, რატომ უწყდებათ, რატო ენიშნებათ, რატო ხდება ცვლილებები და ა.შ.“. - სოციალურმა მუშაკმა სოფო ხვთისიაშვილმა ასევე გვითხრა , რომ მოსახლეობას ოპერაციების დაფინანსებასთან დაკავშირებითაც ჰქონდათ კითხვები, რაზეც შესაბამისი რეკომენდაციები მიაწოდა და განცხადებების დაწერაშიც დაეხმარეა.

სოფელ ხიხანის მაცხოვრებელმა ნათელა კახაძემ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ სოფელს დახმარება ძალიან ესაჭიროება.

„ეს ისეთი სოფელია, რომ აუცილებლად ესაჭიროება ვინმეს დახმარება. ამ სოფლის საქმე ძალიან ციდადაა, უმოსავლო, უწყლო ადგილია და ადამიანების დახმარება გვჭირდება“. - გვითხრა ნათელა კახაძემ

არასამთავრობო ორგანიზაცია EMC უკვე ერთი წელია მარნეულშიც მუშაობს. ამჟამად ორგანიზაცია სოფელ ხიხანს „მობილური იურიდიული კლინიკის“ ფარგლებში ეწვია.

რადიო „მარნეული“
ლელა მახარაძე

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია