60 დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მარნეულის სკოლებში - დირექტორობის მსურველთათვის რეგისტრაცია დაიწყო
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის რეგისტრაცია დღეს, 3 თებერვალს დაიწყო. სერტიფიცირების გავლა მოუწევთ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებსაც. მარნეულის მასშტაბით სულ 74 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. როგორც ადგილობრივ რესურს ცენტრში განმარტავენ, აქედან დაახლოებით 60 სკოლას, ჯერკიდევ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს. დირექტორობისათვის კი სერტიფიცირება აუცულებელია.

2014 წლიდან ასრულებს დირექტორის მოვალეობას მარნეულის N1 საჯარო სკოლაში ქეთევან მერაბიშვილი. როგორც თვითონ ამბობს, მისთვის სერტიფიცირება მნიშვნელოვანია და ტესტირებაზე აუცილებლად გავა.

როგორც რადიო მარნეულსს განათლების სამინისტროში განუმარტეს, იმ შემთხვევაში თუ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებს გამოცდაზე გასვლის სურვილი არ ექნებათ, მანამდე დარჩებიან კუთვნილ პოზიციაზე, ვიდრე სერტიფიცირებული კადრი არ ჩაანაცვლებთ.

სერტიფიცირების მსურველთა ელექტრონული რეგისტრაცია ვებ-გვერდზე www.directors.mes.gov.ge-ზე 17 თებერვალს დასრულდება.
edu.aris.ge-ის ინფომაციით კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე პირს, რომელსაც მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება აქვს და განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთი წლის სტაჟი.

ტესტირების პროგრამა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს – საკანონმდებლო ბაზა, სასწავლო პროცესის ორგანიზება, მონიტორინგი და შეფასება, სკოლის ადამიანური რესურსების მართვა, ეფექტური კომუნიკაციისა და მოტივაციის მეთოდები, მშობლებთან მუშაობა და ანგარიშვალდებულება, ლოგიკური მსჯელობა და ინფორმაციის ანალიზი და სხვა. ტესტირება ჩატარდება ელექტრონული ფორმით. კონკურსანტის კომპეტენცია და უნარები წარმატებით დაძლეულად ჩაითვლება ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ის დაგროვების შემთხვევაში. შეფასება განხორციელდება ტესტის დასრულებისთანავე. ტესტირებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში, კონკურსანტს საშუალება ეძლევა გადავიდეს გასაუბრების ეტაპზე.

Print