სოფელ მოლაოღლის შიდა გზები, 20 წელზე მეტია, ცუდ მდგომარეობაშია
სოფელ მოლაოღლის გზები ცუდ მდგომარეობაშია და მოსახლეობა ნორმალურად გადაადგილებას ვერ ახერხებს. წვიმიან ამინდში მდგომარეობა უარესდება და გზის გავლა ქვეითებისათვის თითქმის შეუძლებელია.

მარნეულიდან 32 კმ-ზე მდებარე, სადახლოს თემში შემავალ, სოფელ მოლაოღლის 1 100-მდე მაცხოვრებელი ჰყავს.

მოლაოღლუელი არიზ დაშდამირლი 28 წლისაა. ამბობს, რომ გზის პრობლემა უკვე წლებია სერიოზულად აწუხებს.

„ზაფხულში გზაზე ისეთი მტვერია რომ გზისპირას მცხოვრებლებს ძალიან დიდ პრობლემას უქმნის. უფრო მეტად მოხუცები და ბავშვები არიან შეწუხებულები“, - ამბობს არიზ დაშდამირლი

მოსახლეობის თქმით, გზების მოუწესრიგებლობის გამო, მარნეულში წასვლა და უკან დაბრუნება დიდ დროს ითხოვს.

„მანქნები გზაზე ჩერდებიან და რჩებიან. რაიონის ცენტრიდან მოსული სასწრაფოს მანქანები და ტაქსები სოფელში ვერ შედიან. ყველა შეწუხებულია ამ პრობლემით“- ამბობს 17 წლის მოლაოღლუელი ნურია გარაჯაევა

72 წლის შაფიგა მუსტაფაევა აცხადებს, რომ მოხუცები გზის გამო შეწუხებულნი არიან - “ზამთარში ჩვენ მოხუცები ტალახიან გზებზე ვერ დავდივართ“.

არიზ დაშდამირლი ამბობს, რომ პრობლემასთან დაკავშირებით 2013-2015 წლებში არანაკლებ ხუთჯერ მოითხოვა სოფელში შიდა გზების დაგება, მაგრამ პრობლემა არ მოგვარებულა.

აღსანიშნავია, რომ სოფელ მოლაოღლის შიდა გზების მოწყობისთვის ტენდერი მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ უკვე გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს კი სატენდერო წინადადებების წარდგენა 6-დან 11 თებერვლამდე პერიოდში შეუძლიათ.

რადიო „მარნეული“
ორხან ანაღიევი

Print