ბურმაში სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობაში მერია 249 887 ლარის გადახდას გეგმავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ სოფელ ბურმაში ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოების შესყიდვისათვის ტენდერი გამოაცხადა.

ბურმელებმა მარნეულის მერიის წინ სასმელი წყლის უქონლობა 28 იანვარს გააპროტესტეს. მოსახლეობა ამბობდა, რომ სოფელში სასმელი წყლის გაყვანის სამუშაოები ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2016 წელს დაიწყო, მაგრამ მათ დღემდე წყალი არ ჰქონიათ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ ბურმაში ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოების 249 887 ლარიანი ტენდერი 31 იანვარს გამოაცხადა.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერიამ ბურმაში ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოებისათვის ტენდერი 2016 წელსაც გამოაცხადა. თავდაპირველად გამოცხადდა ტენდერი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე, რაშიც თვითმმართველობამ შპს „ვექტორ - სტუდიო +“-ს 7 670 ლარი გადაუხადა. უშუალოდ ჭაბურღილის მოწყობისათვის კი მერიამ 37 682 ლარი დახარჯა.

ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები 2016 წელსვე დასრულდა, მაგრამ ვერც ადგილობრივმა თვითმმართველობამ და ვერც მშენებარე კომპანიამ სასმელ წყალს ვერ მიაგნეს.

როგორც რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერის მოადგილე ზაურ ტაბატაძემ უთხრა, ბურმაში განხორციელებულ სამუშაობში მარნეულის მერიას თანხა არ დაუკარგავს. მერიამ სოფელ ბურმაში სასმელი წყლის ჭაბურღილისა და შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოების საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემდგენ კომპანიას „ვექტორ - სტუდიო +“-ს სასამართლოში უჩივლა, რადგან მათ დოკუმენტაციის შედგენისას შეცდომა დაუშვეს და პროექტით გახარჯული თანხა უკან დააბრუნებინა.

რადიო "მარნეული"

Print