სიახლე
მარნეულის ბაზალტის საბადოში 20-მდე ადგილობრივი დასაქმდება - ნათია თურნავა
დღეს, 11 თებერვალს, მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაზალტის საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების აუქციონის“ პრეზენტაცია გამართა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, ღონისძიების მარნეულში გამართვა სიმბოლურია, რადგან ბაზალტის საბადო ერთ-ერთია იმ 100 საინვესტიციო შეთავაზებაში, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე გაიტანა.

„ჩვენ დილის 12:00 საათიდან დავიწყეთ აუქციონების მთელი კასკადი. 100 პარალელური აუქციონია გამოცხადებული. ამჯერად უკვე წიაღის ათვისების ლიცენზიები გვაქვს შეთავაზებული ბიზნესისათვის. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ჩვენი წიაღი არა მხოლოდ იყოს მოპოვებული საქართველოში, არამედ მაქსიმალურად გადამუშავდეს საქართველოში და ამ ლიცენზიების ძალიან დიდ ნაწილს ჩვენ ვაყოლებთ სავალდებულო გადამუშავების კომპონენტს“ - განაცხადა ნათია თურნავამ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრამა ასევე განაცხადა, რომ მარნეულის ბაზალტის საბადოზე 20 ადგილობრივის დასაქმებაა დაგეგმილი.

წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსმა მაია ზაურაშვილმა განაცხადა, რომ ბიზნესისათვის შეთავაზებები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა ტიპის საბადოებს მოიცავს. მათ შორისაა პოლიმეტალური რესურსების, საშენი მასალების, სამთო-ქიმიური ნედლეულის, მიწისქვეშა წყლების საბადოები და ა.შ.

„ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროექტი თავისი შინაარსით გამომდინარე იქედან, რომ მისი ჯამური მოცულობა შეადგენს 120 000 000 ლარზე მეტს, შეიქმნება 1 800-ზე მეტი სამუშაო ადგილი და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი კერძო სექტორი იაქტიურებს“ - თქვა მაია ზაურაშვილმა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ორგანიზებული შეხვედრით უკმაყოფილოები დარჩნენ ბიზნესოპერატორთა ნაწილი. პირად საუბრებში მათ უკმაყოფილება გამოხატეს, რომ ხელისუფლება მათი საჭიროებებით არ დაინტერესებულა და შეხვედრის ფორმატი დიალოგს არ ითვალისწინებდა.

მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ მარნეულს ძალიან დიდი საინვესტიციო პოტენციალი აქვს და ის მოხარულია, რომ შეხვედრა სწორედ მარნეულში ჩატარდა.

რადიო „მარნეული“


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია