სიახლე
აბაზოვის საქმეზე დაზარალებულს სამართლიანობის აღდგენის განცდა დაკარგული აქვს
რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულელი ელჩინ ალახვერდიევის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში ბრალდებული მარნეულის ყოფილი მერი გაამართლა.

დაზარალებული ელჩინ ალახვერდიევი მედიასთან კომუნიკაციას თავს არიდებს. რადიო „მარნეული“ მასთან სახლში მივიდა, მაგრამ კარი ბოქლომით დაკეტილი დაგვხვდა. მეზობლები ამბობენ, რომ ელჩინი ყოველ დილით, ადრიანად, გადის სახლიდან და ღამით ბრუნდება. მათ არც ელჩინის მობილურის ნომერი აქვთ, ამბობენ, რომ ალახვერდიევი ნომერს ძალიან ხშირად ცვლის.

ელჩინ ალახვერდიევის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საიას“ იურისტები იცავენ. „საიას“ იურისტმა ეკატერინე მიდოდაშვილმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლოს მიერ თემურ აბაზოვის გამართლებას არ მოელოდა, რამაც ის სტრესულ მდგომარეობაში ჩააყენა.

„მითხრა, რომ მე ფაქტიურად დაკარგული მაქვს სამართლიანობის აღდგენის განცდა და დამნაშავე პირების დასჯის განცდაო. როგორც მითხრა ამ ამბავს ძალიან განიცდის და არავისთან არ უნდა ამ თემაზე საუბარი“ - გვითხრა ეკატერინე მიდოდაშვილმა

„საიას“ ადვოკატის თქმით, თემურ აბაზოვის წინააღმდეგ საქმეში საკმაოდ ბევრი მასალები იყო, რითაც მისი ბრალეულობა დასტურდებოდა. პრობლემატური საკითხი კი მხოლოდ მოწმეების ჩვენებები იყო. მიდოდაშვილი ამბობს, რომ მოწმეებმა გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენებები სასამართლოს სხდომებზე გარკვეულწილად შეცვალეს და სრული ფაქტების მოყოლისაგან, მარნეულში აბაზოვის ავტორიტეტის გამო, თავი შეიკავეს.

საქართველოს პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდგომ თემურ აბაზოვის გამამართლებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები