ჯანმრთელობისათვის სახიფათო ნარჩენები მარნეულის მერიას წითელსოფლიდან 6 თვეზე მეტია არ გააქვს
ექვს თვეზე მეტია რაც მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში მცხოვრებ მოსახლეობას ჯანმრთელობისათვის სახიფათო ნარჩენების გარემოცვაში უწევს ცხოვრება.

2019 წლის 11 ივლისს, მარნეულში ძლიერი სტიქიური მოვლენის შედეგად, წითელსოფელსა და კიდევ რადმენიმე სოფელში 391 სახლის სახურავი დაზიანდა.

წითელსოფელში სახლების უმრავლესობას აზბესტის სახურავები ჰქონდა, ძლიერი სეტყვის შედეგად კი ისინი დაიმტვრა. მთავრობამ მოსახლეობისათვის სახლის გადასახური მასალა გამოყო, მაგრამ აზბესტის სახურავის ნატეხები, სოფლიდან ჯერ კიდევ არ გაუტანია.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია „სენის“ წარმომადგენელმა კახა რუხაიამ თქვა, რომ აზბესტის ბოჭკო ადამინის ჯანმრთელობისათვის ძალიან სახიფათოა, რადგან მისი შესუნთქვის შემთხვევაში ბოჭკო კიბოს გამომწვევი მიზეზი შესაძლოა გახდეს.

„აზბესტის ნარჩენებთან მუშაობისას დაცული უნდა იყოს სპეციალური ნორმები. აუცილებელია, რომ ადამიანს ეკეთოს აირწინაღი, რათა მის ორგანიზმში არ მოხვდეს ბოჭკო. მოხსნის დროს მთელი მასალა უნდა დამუშავდეს სველი წესით და განთავსდეს პოლიეთილენის დიდ პარკებში“ - გვეუბნება კახა რუხია

„სენის“ წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ აზბესტის ნარჩენების ქუჩაში დაყრა არცერთი წუთით არაა დასაშვები.




წითელსოფლელების ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ რომ არის ამას სოფლის მოსახლეობაც კარგად ხვდება.

„გვეიბნებიან, რომ ეს ნარჩენი კიბოს გამომწვევია და პრობლემატურია, აბა რა არის. ბავშვები, მოხუცები, ახალგაზრდები, ყველა ქუჩაში დადაის და ამ ჰაერს სუნთქავს. თვითონაც იციან (ადგილობრივ თვითმმართველობაში) რომ ეს ცუდია, მაგრამ მაინც არ მიაქვთ“ - ამბობს წითელსოფლელი გარიკ პაპაიანი

აზბესტის სახურავის მავნებლობის შესახებ ინფორმაცია აქვს იურიკ ხაჩატურიანს და მისი ოჯახის წევრებსაც. ამბობს, რომ სიმსივნის განვითარების ეშინია, მაგრამ ადგილობრივ თვითმმართველობაში ამას ყურადღებას არ აქცევენ.

„დაახლოებით 10 დღის წინ იყვნენ სოფელში მოსულები, მერიც აქ იყო, და გვითხრეს, რომ ამ ნარჩენების გატანისათვის ტენდერში ჯერ არავის გაუმარჯვია და ვერ გაგვაქვსო. ვფიქრობ, რომ არჩევნები რომ მოვა მერე მოვლენ ნარჩენების გასატანად და გვეტყვიან, ნახეთ რა კარგები ვართო“. - გვითხრა იურიკ ხაჩატურიანმა

წითელსოფელში არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობაც ფლობს. 2019 წლის 12 ნოემბერს, რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა წითელსოფლელებს პირობა მისცა, რომ სიცოცხლისათვის სახიფათო ნარჩენების გატანას მერია დაიწყებდა, მაგრამ ნარჩენები ამ დრომდე სოფელში რჩება. მერიამ მოსახლეობას მხოლოდ ნარჩენებისათვის განკუთვნილი ტომრები დაურიგა.




დღეს,
2020 წლის 17 თებერვალს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში გვითხრეს, რომ მუნიციპალიტეტი წითელსოფლიდან ჯანმრთელობისათვის სახიფათო ნარჩენის გატანას უახლოეს პერიოდში გეგმავს. მერიაში ნარჩენების გატანის ზუსტ დროს არ ასახელებენ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები