EMC მარნეულში ჩატარებულ სოფლის კრებებს ფორმალობად და მოჩვენებით დემოკრატიად აფასებს
“საერთო დაკვირვებებით გამოიკვეთა, რომ კრების სხდომები უბრალო ფორმალობა და მოჩვენებითი დემოკრატიის და მოჩვენებითი დამოუკიდებლობის მაგალითია, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ყველაზე გადაუდებელი და საერთო პრობლემების აღმოფხვრის ნაცვლად, იმარჯვებს სრულიად სხვა პროექტები, რაც, მათ შორის, ჩვენი კვლევით, უფრო მეორეხარისხოვანია სხვა პრობლემებთან შედარებით.” - ასე აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია EMC მარნეულის მუნიციპალიტეტში ჩატარებულ სოფლის საერთო კრებებს.

EMC მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ დასახლების საერთო კრებებს აფასებს და მიაჩნია, რომ აღნიშნული პროცესი მოჩვენებითი იყო და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო დიალოგი ადგილობრივ თემთან.

ორგანიზაცია ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად შეხვედრების ჩატარების პროცესსაც ასახელებს.

„მარნეულის მუნიციპალიტეტის 80-მდე სოფელში კრება 6 სამუშაო დღეში გაიწერა და ჩატარდა. თითოეულ დღეს პარალელურად 4 სხვადასხვა ჯგუფი ატარებდა კრებებს. ერთსა და იმავე ჯგუფს ხანდახან ორ სხვადასხვა სოფელში კრების ჩატარება მხოლოდ 2 საათის ინტერვალით უწევდა. ეს კი ხელს უშლიდა კრებების დროს პრობლემების საფუძვლიან განხილვებსა და მსჯელობებს სოფლის მოსახლეობის წუხილზე“. - წერია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის განცხადებაში

ორგანიზაცია ასევე წერს, რომ სოფლის კრებები მერიის თანამშრომლების ნაცნობების მოყვანით შედგა და ის არ ატარებდა წარმომადგენლობით ხასიათს. EMC-ს ინფორმაციით შეხვედრების ჩატარებისას პრობლემატური იყო გენდერული ბალანსის დაცვაც, რაზეც რადიო „მარნეულის“ მიერ სოფელ ნორგიულში ჩატარებულ კრებაზე მომზადებული მასალაც მეტყველებს.

„კრების მიმდინარეობის პროცესში კიდევ ერთი სისტემური ხარვეზი ის იყო, რომ კრებას არასდროს ესწრებოდა ხალხის ის რაოდენობა, რაც ხელმოწერებით ფიქსირდებოდა. ზოგ კრებაზე ხელს ერთი და იგივე პიროვნება რამდენჯერმე აწერდა, ზოგ კრებაზე ხელს ფურცელს ჩვეულებრივი გამვლელები აწერდნენ იმის მიუხედავად, რომ თავად კრებას არ დასწრებიან. შესაბამისად, კრების გადაწყვეტილება მიიღებული იყო სოფლის მაცხოვრებლების ძალიან მცირე ნაწილის მიერ.“ - წერია EMC-ს განცხადებაში

ორგანიზაცია საუბრობს მოსახლეობაში, კრებების ჩატარებაზე, ინფორმაციის არარსებობაზეც და მარნეულის მერიას მოუწოდებს, რომ ინფორმაცია ისეთი გზებით გაავრცელოს, რომლის დახმარებითაც მოსახლეობამდე ყველაზე კარგად მივა.

რადიო „მარნეული“


Print