სიახლე
სამი წლის წინ გადაღებული ფილმის პრეზენტაცია ახლო მომავალში გაიმართება
უახლოეს დღეებში ფილმის „პროფესიას შეწირულნის“ პრეზენტაცია გაიმართება. ფილმის გადაღებები 2017 წელს მიმდინარეობდა, მაგრამ ამ დრომდე მისი პრეზენტაცია ტექნიკური ხარვეზების გამო ვერ მოხდა.

ფილმის რეჟისორის, სცენარის ავტორისა და მსახიობის ანარ რაფიგოღლუს თქმით, გადაღებები 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„ძალიან ვიწვალეთ სანამ ფილმი გადავიღეთ და დავამთავრეთ. ხანდახან იმედსაც ვკარგავდით და რადგან პირველი ფილმი იყო ტექნიკური მხრივ პრაქტიკაც არ გვქონდა. ახლა ეს პრობლემა არ გვაქვს და ფილმს ახლო მომავალში წარვადგენთ“ - ამბობს ანარ რაფიგოღლუ

რეჟისორის თქმით, ფილმში კადრები და ხმები სხვადასხვა ტექნიკითაა გადაღებული და ჩაწერილი და სწორედ ეს გახდა პრობლემის მიზეზი. ამბობს, რომ ფილმის 90% უკვე მზადაა.

„ფილმის ახლიდან გახმოვანებასა და დუბლაჟზეც ვფიქრობდით, მაგრამ მსახიობების ნაწილი საქართველოში არაა და ჩვენი ათი ადამიანისაგან შემდგარი გუნდი ვერ შევკარით. ამან იმოქმედა ფილმის პრეზენტაციის დაგვიანებაზე“ - გვითხრა ანარ რაფიგოღლუმ

ანარმა ასევე განაცხადა, რომ ფილმის დროულად მომზადების შემთხვევაში, მას საერთაშორისო ფესტივალებზეც გააგზავნიდნენ. ამბობს, რომ ახლაც არაა გვიან და იმ შემთხვევაში თუ მომავალი ფესტივალების თემა ფილმის თემატიკას დაემთხვევა, აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას საერთაშორისო ფესტივალებზე.

ვინაიდან ფილმის გადაღებებში მარენულელი და გარდაბნელი მსახიობები იღებდნენ მონაწილეობას, მისი პრეზენტაციაც მარნეულში, გარდაბანსა და თბილისში მოხდება. 40 წუთიანი ფილმის პრეზენტაციის შემდეგ მისი ყურება თეატრი „ერას“ ოფიციალურ იუთუბ გვერდზე იქნება შესაძლებებლი.

რაფიგოღლუმ აღნიშნა, რომ ახალ ფილმს აზერბაიჯანში 10 წლის გოგოს მკვლელობისა და დაწვის ფაქტთან დაკავშირებით გადაიღებენ.

ფილმში „პროფესიას შეწირულნი“ ელვირ ჰასანოღლუ, მენდერ სერდაროვი, რაბილ ისმაილოვი, ლეილი ჰუსეინოვა, ლეილა აკბეროვა, ოთარ შარიფოვი, ვასიფ ბაირამოვი, რავილ მამედოვი, შუქურ ალიევი და ვარლამ ნიკოლაძე თამაშობენ.

რადიო „მარნეული“



FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია