მარნეულის გენდერული თანასწორობის საბჭოსთვის 30 000 ლარი გამოიყო
მარნეულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს პირველი შეხვედრა, 24 თებერვალს გამართა, თუმცა მედიისთვის სხდომის შესახებ ინფორმაცია ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც საკრებულოს „ფეისბუკ“ გვერდზე საბჭოს შეხვედრის ფოტოები ატვირთეს და აღნიშნეს, რომ 2020 წლის სამოქმედო გეგმაც განიხილეს.

როგორც  რადიო „მარნეულთან“ საუბრისას საკრებულოს საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან ურთიერთობისა და გენდერული განყოფილების უფროსმა ია ესებუამ თქვა, სხდომა მედიისთვის დახურული იმიტომ იყო, რომ შეხვედრა სამუშაო ხასიათის იყო.

„ჩვენთვის ძალიან კარგია, როდესაც რადიოც და ტელევიზიაც არის ხოლმე, მაგრამ უბრალოდ, იმის გამო, რომ ფაქტობრივად სამუშაო შეხვედრა გვქონდა, გვინდოდა ამ ადამიანებისთვს (წევრებისთვის) ინფორმაციის მიწოდება, რომ შემოვლენ ჩვენს საბჭოში რა უნდა გააკეთონ და მარტო იმიტომ არ იქნებიან საბჭოს წევრები, რომ საბჭოს წევრები ერქვათ. ძალიან დიდი გეგმები გვაქვს, თანხაც გამოყოფილია. ეს ადამიანები უნდა ჩაერთონ მაქსიმალურად თანაბრად.“ - თქვა ია ესებუამ.

როგორც ესებუა ამბობს, ამჟამად საბჭოს სულ 24 წევრი ჰყავს, თუმცა ნაწილს საბჭოდან გასვლა, ნაწილს კი საბჭოში გაწევრიანება სურს.

„არიან ადამიანები, ვინც შეიძლება გავიდეს და ამწუთისთვის ოთხი განაცხადი გვაქვს, ვინც კიდევ შემოვა. აქედან ორი მერიის, ორი კი საკრებულოს თანამშრომელია“.

ია ესებუას თქმით, სავარაუდოდ, ორ კვირაში ღია სხდომას გამართავენ, სადაც წევრები 2020 წლის სამოქმედო გეგმას გაწერენ.  

გენდერული თანასწორობის საბჭო მარნეულის მუნიციპალიტეტში უკვე მესამე წელია ფუნქციონირებს. ბიუჯეტით სარგებლობის საშუალება კი 2018 წელს მიეცათ და თვითმმარველობამ 12 000 ლარი გამოიყო. ახლა კი ეს თანხა კიდევ გაიზარდა და 30 000 ლარს შეადგენს. ია ესებუას თქმით ამ თანხის 15 000 მუნიციპალიტეტში ცნობიერების ამაღლებაზე გაიხარჯება.


ფოტო: საკრებულოს ფეისბუკ გვერდიდან
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები