რატომ დაიწყო საქართველოს „გასაბჭოება“ მარნეულის სოფელ შულავრიდან
დღეს 25 თებერვალია, საქართველოს გასაბჭოების დღე.
99 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა რუსეთის მიერ იქნა ოკუპირებული და საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა.

საქართველოს გასაბჭოებაზე ბევრი ინფორმაცია მოიპოვება, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ საქართველოს „გაწითლება“ მარნეულიდან, კერძოდ კი სოფელ შულავრიდან დაიწყო.

1921 წლის 16 თებერვალს შულავერში (ახლანდელი შაუმიანი) „საქართველოს რევოლუციური კომიტეტი" (რევკომი) შეიქმნა, რომელსაც საქართველოს „მშრომელთა აჯანყებისთვის“ უნდა ეხელმძღვანელა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გასაბჭოება სწორედ შულავრიდან დაიწყო, რადიო „მარნეულს“ გაუჭირდა სოფელში ისეთი ადამიანის პოვნა, ვისაც ამ ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვს.


შაუმიანი

შა
უმიანელი ახალგაზრდები ჩვენთან საუბრისაგან თავს იკავებდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ სოფლის ისტორიაზე მოხუცებთან გვესაუბრა.

67 წლის რუსლან აბრამიანმა შულავრის რევოლუციური კომიტეტის შესახებ ერთი უფროსი კაცისაგან გაიგო. თავიდან არ დაიჯერა, რომ საქართველოს გასაბჭოება შულავრიდან დაიწყო.

„სამწუხაროდ დამავიწყდა იმ წიგნის დასახელება, მაგრამ კარგად მახსოვს, ჩემი თვალით ვნახე, სომხურად ეწერა, რომ საბჭოთა ხელისუფლება მთელს საქართველოში პირველად შულავერში გამოცხადდა“ , - გვითხრა რუსლან აბრამიანმა

გამოკითხულმა შაუმიანელებმა არ იციან, თუ სად დაფუძვნდა „შულავრის კომიტეტი“. ადგილობრივები ამბობენ, რომ ის სავარაუდოდ, ყოფილი ეკლესიის შენობაში, ან N1 სკოლაში გაიხსნებოდა.


ეკლესიის ყოფილი შენობა სოფელ შაუმიანში

შაუმიანის N1 სკოლის შენობა


რად
ო „მარნეულთან“ საუბრისას ისტორიკოსმა ირაკლი ხვადაგიანმა თქვა, რომ საქართველოში პირველი რევკომის შულავერში შექმნა საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს სამხრეთის ხელში ჩაგდებას ისახავდა მიზნად, რადგან ყოფილი ლორეს ტერიტორია, შულავრის დაკავებით, საბჭოთა რუსეთის კონტროლქვეშ აღმოჩნდებოდა.

„აქ შეიქმნა ყველაზე დიდი ტერიტორია, პლაცდარმი, რომელსაც აკონტროლებდა აგრესორი და შესაბამისად აქ, ფორმალურად, დაფუძზვნდა „რევკომი“. რეალური მტკიცებულებაც კი არ არსებობს თუ რას აკეთებდა „რევკომი“, ანუ ეს არის ფიქტიური, ფორმალური, ნაწილი საოკუპაციო პროცესის. „რევკომი“ არის ორგანო, რომელიც აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაზე რევოლუციის საფარქვეშ, რაც სჭირდებოდა საბჭოთა რუსეთს ამ აგრესიის გასაფორმებლად იმიტომ, რომ საინფორმაციო ომში მისი მესიჯი ესეთი იყო, რომ საქართველოში მისი არმია კი არ შეიჭრა, არამედ, აჯანყდნენ თითქოს მუშები და გლეხები, რომლებსაც მენშევიკური პარტია ავიწროებდა“ - გვითხრა ირაკლი ხვადაგიანმა

1921 წლის 16 თებერვალს, „რევკომმა“ „აჯანყებული“ მუშებისა და გლეხების დახმარების თხოვნით საბჭოთა წითელ არმიას მიმართა. წითელი არმია, ფორმალურად, ამ მოთხოვნის შემდგომ შემოვიდა საქართველოში, სინამდვილეში კი ეს მხოლო და მხოლოდ ფიქტიური მოთხოვნა იყო, რათა საბჭოთა რუსეთს საინფორმაციო ომშიც გაემარჯვა.

შეიარაღებული თავდასხმა საბჭოთა არმიამ საქართველოს ტერიტორიაზე რეალურად 11 თებერვლიდან დაიწყო. დაპირისპირებაში დივერსიული რაზმები იყვნენ ჩართულები, რომლებსაც რუსეთის ხელისუფლება მფარველობდა.

18 თებერვალს ბრძოლები დაიწყო თბილისის მიდამოებშიც, 25 თებერვალს კი საქართველო რუსეთის საბჭოთა არმიამ დაიპყრო.

შაუმიანელებს არ სჯერათ, რომ 99 წლის წინ ადგილობრივებმა წითელ არმიას თავად მიმართეს დახმარების თხოვნით.




„ძირითადად, ეს ძალის გამოყენებით მოხდა. აი, წარმოიდგინეთ, ახლა აქ ხომ კარგი ხალხი ცხოვრობს, კანონმორჩილები და უცბად მოვიდა 100 შეიარაღებული ჯარისკაცი და თქვა, რომ ამ შენობაზე ეს დროშა კი არა სხვა უნდა იყოსო, ჩვენ რას ვიზამთ, რისი გაკეთება შეგვეძლება? არაფრის, ვალდებული ვიქნებით რომ დავემორჩილოთ, სწორედ ასე იყო მაშინაც. იძულებულები გახადეს ხალხი, რომ მათ დამორჩილებოდნენ“ - გვეუბნება შაუმიანელი რუსლან აბრამიანი

ფორმალურად შულავერში დაწყებული „გასაბჭოება“, რეალურად კი საქართველოს სრული ოკუპაცია 1921 წლის 12 მარტს დასრულდა. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, მე-11 არმიის შემადგენლობა ოთხჯერ აღემატებოდა თბილისი დამცველთა რიცხვს. ომში მე-9 არმიაც იყო ჩართული. ამის მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარი ფაქტობრივად ერთი თვის განმავლობაში ებრძოდა ოკუპანტს. საქართველოს მთავრობა ისე წავიდა ემიგრაციაში, რომ კაპიტულაციის დოკუმეტს ხელი არ მოაწერა. რევკომმა ოკუპაცია შიდა, „შულავერულ“ გადატრიალებად ვერ გააფორმა, მაგრამ ისტორიის განვითარების ვექტორი მთელი 70 წლით შეატრიალა.

რადიო „მარნეული“

Print