„სალამმა“ პარლამენტთან ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირბული ტრადიციის პერფორმანსი მოაწყო
დღეს, 25 თებერვალს, პლატფორმა „სალამი“ თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბა და ჩერშენბესთან დაკავშირებით ერთგვარი პერფორმანსი მოაწყო. მათი შეკრების მთავარი მიზანი ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულამდე აღსანიშნი ტრადიციის „ჩერშემბეს“ შესახებ ინფორმაციის გავრცელება იყო. პლატფორმის წევრებმა პარლამენტთან სიმბოლურად მიიტანეს ხორბალი, თეფშებზე დააწყვეს და მორწყეს. ჯეჯილი ნოვრუზ ბაირამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია.

„დღეს არის პირველი ჩერშენბე (სამშაბათი) წყლის ჩერშენბე, რომელიც დაკავშირებულია ნორუზ ბაირამის დღესასწაულთან. წყლის ჩერშენბეს შემდეგ არის ცეცხლი, ქარი და მიწის სამშაბათები. 21 მარტს კი ნოვრუზ ბაირამი აღინიშნება. სასიხარულოა, რომ 21 მარტი საქართველოში ნაწილობრივ არის დღესასწაულად აღიარებული. სამწუხაროდ, 21 მარტი არ არის უქმედ გამოცხადებული და ჩვენ ამ პერფორმანსითაც გვინდა, რომ შევახსენოთ ჩვენს სახელმწიფოს, რომ საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი კულტურა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს ტრადიცია და ადათი იყოს მთელი საქართველოსთვის ცნობილი“ - თქვა სალამის ერთ-ერთმა წევრმა ქამრან მამედოვმა.

„წყლის ჩერშენბეზე“ მოსახლეობა სახლს ალაგებს, ეზოს ასუფთავებს, სახლის კედლებს ღებავს, ბაღს ასუფთავებს. წყლის ჩერშენბეს „დაწყებით ჩერშენბეს“ უწოდებენ. ამ დღეს გოგონები, პატარძლები დილით დგებიან და მდინარეზე წყლის მოსატანად მიდიან. დილით, ვიდრე მზე ამოვა, ყველა ხელ-პირს იბანს. ხალხური რწმენით, ვინც ამ დღეს მდინარეში ჩავა, ყველა დაავადებას დაამარცხებს.



Print