მარნეულის მერიამ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისთვის 18 975 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა
მარნეულის მუნიციპალიტეტმა ნოვრუზ ბაირამის აღსანიშნავად მზადება დაიწყო. 21 მარტს, მარნეულში ნოვრუზ ბაირამის საზეიმო დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება, რომლის ორგანიზებაშიც თვითმმართველობა 18 975 ლარის დახარჯვას გეგმავს.

ნოვრუზ ბაირამი მარნეულში წლებია აღინიშნება. კონცერტი, მომღერლები, ჯამბაზები, თეატრალური პერფორმანსები და ა.შ. ნოვუზობის თანმდევი ელემენტებია.

ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მარნეულში - 2019 წელი

წინა წელთან შედარებით, მარნეულის მერია დღესასწაულისთვის 2 590 ლარით მეტს დახარჯავს.

წელს სატენდერო პირობები გარკვეულწილად შეცვლილია. ტენდერში შარშანდელთან განსხვავებით, წამყვანების ეროვნება მითითებული არ არის და წერია, რომ ღონისძიებას ორი წამყვანი ქალი და კაცი გაუძღვება. მამაკაცის ასაკი 30-35 წელი უნდა იყოს, ერთ-ერთი თეატრის მსახიობი, სასურველია მონაწილეობდეს მხატვრულ ფილმებში ან სერიალებში. სრულყოფილად ფლობდეს სახელმწიფო ენას. აუცილებელია ჰქონდეს ანალოგიურ ღონისძიებებში მონაწილეობის გამოცდილება

ქალბატონი - მომღერალი ან მსახიობი უნდა იყოს, ასაკი 30-35 წელი, აზერბაიჯანული ენის სრულყოფილად მცოდნე, ანალოგიური ღონისძიებების წაყვანის გამოცდილებით.

ტენდერიდან ირკვევა, რომ იგეგმება მომღერლების მოძიებაც. აუცილებელია შესრულდეს 2 დუეტი აზერბაიჯანულ ენაზე და ერთი დუეტი ქართულ-აზერბაიჯანულ ენაზე. ამას გარდა, თითოეულმა მომღერალმა უნდა შეასრულოს მინიმუმ 2 სოლო სიმღერა აზერბაიჯანულ ენაზე და 1 სიმღერა ქართულ ენაზე.
ნოვრუზ ბაირამისათვის დაიქირავებენ 3 მსახიობს, რომლებიც აზერბაიჯანული ტრადიციებით გაჯერებული თეატრალიზებული ქუჩის მსვლელობას გამართავენ. მსახიობებმა უნდა განასახიერონ ნოვრუზ ბაირამისთვის დამახასიათებელი პერსონაჟები „ქოსა, ქეჩალი და დადა გორგუდი“ (შესაბამისი კოსტიუმებით). თეატრალიზებული წარმოდგენის ხანგრძლივობა უნდა იყოს 40 წუთი და ა.შ.

ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მარნეულში - 2019 წელი

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი 2 მარტს გამოაცხადა. მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 8-დან 10 მარტამდე პერიოდში შეეძლებათ.

რადიო "მარნეული"
თეა დავაძე

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები