მარნეულის მერიის შენობის ფასადის განახლება იგეგმება
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მერიის შენობის ფასადისა და მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაციას გეგმავს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ მერიის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია/კეთილმოწყობის სამუშოებისთვის საჭირო საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებისათვის, 4 450 ლარიანი, ტენდერი 4 მარტს გამოაცხადა.

როგორც რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში უთხრეს, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ქვაფენილი ამორტიზირებულ მდგომარეობაშია და სწორედ ეს გახდა ადმინისტრაციული შენობის რესტავრაციისა და კეთილმოწყობის მიზეზი.

სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მერიის უკანა ტერიტორიაზე მოეწყობა ასფალტო ბეტონის საფარი და საპარკინგე ზონა, შეიღებება მთლიანი შენობა და შეიცვლება და განახლდება მერიის შენობაზე არსებული ლოგო და გერბი. ამას გარდა, მერიის წინა მხარეს შეიცვლება ქვაფენილის საფარი, მოეწყობა დროშის საყრდენი სამი ბოძი. მერია ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე სკვერის კეთილმოწყობასაც გეგმავს. ტერიტორიაზე მოეწყობა გამწვანება დეკორატიული ყვავილებით, განახლდება შადრევანი, შეიცვლება სკამები და სანაგვე ურნები და დამონტაჟდება გარე განათება.

მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთოერთობის განყოფილებაში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე უცნობია თუ, სავარაუდოდ, რამდენ ლარს დახარჯავს მერია ზემოაღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია/კეთილმოწყობის სამუშოებისთვის საჭირო საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვის ტენდერში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 10-დან 12 მარტამდე პერიოდში შეეძლებათ.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარულ დღეში უნდა შეასრულოს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები