მარნეულელი პედაგოგი ხელოვნების საუკეთესო მასწავლებლების სამეულში დასახელდა
მარნეულელი პედაგოგი, ქეთევან აბაშიძე, ხელოვნების საუკეთესო მასწავლებლების სამეულში დასახელდა. ქეთევანს მარნეულის N5 საჯარო სკოლაში მასწავლებლობის ექვსწლიანი გამოცდილება აქვს. ამავდროულად ის მსახიობიცაა და 10 წელია მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სპექტაკლებსა და ღონისძიებაში. როგორც პედაგოგმა და მსახიობმა რადიო "მარნეულთან" საუბრისას თქვა, პროექტში განაცხადი თავად შეიტანა. მასზე დაკვირვება კი რამდენიმე ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„მასწავლებლის სახლში განაცხადი შევიტანე, შემდეგ შერჩევა მოხდა, შერჩევის შემდეგ კი გარედაკვირვება. მასწავლებლის სახლიდან იყვნენ ტრენერები ჩამოსულები, რომლებიც დამაკვირდნენ, გაკვეთილებს დაესწრნენ შემდეგ კი საფინალო სამეულში მოვხვდი“

პედაგოგი ამბობს, რომ სამეულში მოხვედრა მისთვის დამატებითი პასუხისმგებლობის და სტიმულის მიმცემია.

„თავიდან ვყოყმანობდი შევსებას, საკმაოდ ღვაწლმოსილი პედაგოგები იღებდნენ მონაწილეობას ჩემზე ბევრად დიდი გამოცდილება რომ აქვთ პედაგოგიკაში, თუმცა თანამედრვე პრაქტიკა როდესაც არის, სულ სხვა სტანდარტები, სხვა მოთხოვნებია. კი, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა არის და სამეულში ყოფნა სტიმულია. მე, ზოგადად, მაქსიმალისტი ვარ, ამიტომ მომავალ წელს პირველობაზე მექნება პრეტენზია „ - თქვა ქეთევან აბაშიძემ და აღნიშნა, რომ მთავრი ახალი გამოწვევების თამამად მიღება და სხვადასხვა პროექტებში აქტიურად ჩართვაა. მისთვის ხელოვნების მასწავლებლობა მუდმივად ახლის ძიებაში ყოფნაა.

„სახელოვნებო სივრცეში ბავშვობიდან ჩართული ვარ, მაგრამ სკოლაში მუშაობის დაწყება რაღაც ახალი სიცოცხლეა, რაღაც ახალი აღმოჩენა. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო და სახალისოცაა“ - თქვა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელმა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლები რამდენიმე საგანში გამოავლინა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებელი თემურ სუყაშვილი გახდა, ხოლო „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2019“-ის მფლობელი გიორგი ჭაუჭიძე. ორივე მათგანი მარნეულის საჯარო სკოლებში ასწავლის.

თეა დავაძე
რადიო "მარნეული"

ფოტო: მასწავლებლის სახლი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები