მარნეულელი გოგოს 13 დღე თვითიზოლაციაში
13 დღეა, რაც იტალიიდან ჩამოსული ერთ-ერთი მარნეულელის ცხოვრების რიტმი სრულიად შეიცვალა. თვითიზოლირების გადაწყვეტილება თავად მიიღო. რადიო მარნეულმა მასთან ინტერვიუ ანონიმურობის დაცვის გარანტით ჩაწერა. როგორც ამბობს, მისი ოჯახი, უსაფრთხოების ზომების დასაცავად, ცოტახნით სხვაგან გადაბარგდა.

„ზოგს ჰგონია, რომ აეროპორტიდან პირდაპირ კარანტინში გადამიყვანეს, არადა თვითიზოლაციაც ჩემი სურვილი და ინიციატივა იყო. როცა მე ჩამოვფრინდი, 29 თებერვალს, მაშინ არ იყო სიტუაცია გამწვავებული და თვითიზოლაციის და კარანტინის წესებიც გამკაცრებული, მაგრამ მაინც ასე ვამჯობინე“- გვიყვება ის

თავიდან ფიქრობდა, რომ 14 დღე სახლში მარტო გაჩერება ძალიან გაუჭირდებოდა, ეგონა, რომ დროც ძალიან ნელა გავიდოდა, თუმცა მისი მოლოდინი არ გამართლდა და 13-მა დღემაც შეუმჩნევლად გაიარა.

„მაქვს საშუალება დილით ვიძინო და როცა მინდა მაშინ ავდგე, ძირითადად დრო კითხვით, ფილმების ყურებით, სახლის საქმეებით გამყავს. გაზაფხული დადგა უკვე და ეზოში მცენარეების მოვლითაც ვარ ხოლმე დაკავებული.
მუსიკით, ცეკვითაც ვირთობ ზოგჯერ თავს“


მიუხედავად, იმისა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში კორონავირუსისათვის დამახასიათებელი არც ერთი სიმპტომი არ გამოვლენია, ამბობს, რომ გარეთ გასვლაზე არც კი უფიქრია.

„მსგავსი სურვილი ნამდვილად არ გამჩენია, მაგრამ რომც გამჩენოდა ამას არ გავაკეთებდი, რადგან გამორიცხული არაფერია და შესაძლოა ბევრ ადამიანს მიადგეს ზიანი მსგავსი უნებისყოფობის და უპასუხისმგებლობის გამო. პირველ რიგში ამაზე უნდა იფიქრო მაინც ადამიანმა და სხვა დანარჩენი პირადი სურვილები გვერდზე დაგადადო“

თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფებს ჩვენი რესპონდენტი მოუწოდებს, რომ მიუხედავად სირთულეებისა სიტუაციას მაინც პოზიტიურად შეხოდონ და იმ საქმეებით დაკავდნენ, რაზეც აქამდე არც კი უფიქრიათ.

თეა დავაძე
რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები