ნოვრუზ ბაირამი, როგორც გაზაფხულის შემოსვლის მახარობელი
"ნოვრუზი" – სპარსული სიტყვაა. მისი ერთი ნაწილი "ნოვ"- ახალს, ხოლო მეორე - "რუზ" დღეს ნიშნავს. ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი ახალი წლის დღესასაწაულია. სადღესასწაულო მაგიდას განსაკუთრებული ყურდღება ეთმობა  - სპეციალურად ამ დღისთვის მზადდება სამი სახის ნამცხვარი: „შაქარბურა“, „გოღალი“ და „ფახლავა“. ასევე იღებება წითლად კვერცხები, რომელსაც ჯეჯილში აწყობენ.



მეორე წელია, როცა ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაული მარნეულში სახალხო ღონისძიებით არ აღინიშნება.  კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ღონისძიების ჩატარება გაუქმდა.



21 მარტამდე, ნოვრუზ ბაირამს ოთხი ჩერშენბე უძღვის წინ  ყოველი კვირის სამშაბათ დღეს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რომელიც ეთნიკური უმცირესობების იდენტობის ნაწილია „ჩერშენბე“ უკავშირდება ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან ოთხ სტიქიას: წყალს, ქარს, მიწას და ცეცხლს.

ცეცხლის ჩერშენბე სოფელ ალგეთში (2019 წელი)

„ნოვრუზ ბაირამი ასოცირდება გახაფხულის მოსვლასთან. ასე ამბობენ,  ნოვრუზს თუ აღნიშნავ , ესეიგი ზამთარი დასრულებულია. ზამთარი ზოგადად პასიური პერიოდია და ნოვრუზ ბაირამის შემდეგ სოფლის მოსახლეობის მაგალითზე ვამბობ,  რომ უფრო აქტიურები ხდებიან, მიწის დასამუშავებლად ემზადებიან. იცით, რომ ნოვრუზ ბაირამამდე ოთხი კვირა ჩერშენბეები აღინიშნება. ჩემთან, გარდაბანში, ბოლო ჩერშენბეს უფრო აღნიშნავენ ხოლმე, მაგრამ ყველა ჩერშენბეზე კოცონს ანთებენ, ოჯახები  ერთად იკრიბებიან,  ეს უკვე დათბობის და ყველა პრობლემის წარსულში დატოვების სიმბოლოა. ვისურვებდი, რომ მალე ბევრი კარგი ამბავი გამეგოს და გამოსწორდეს სიტუაცია, რომელშიც ეხლა ვართ. მინდა, რომ ნოვრუზ ბაირამი იყოს ბევრი სიკეთის, ბედნიერების მომტანი მთელი საქართველოსთვის“ - გვითხრა ჟურნალისტმა აიდან იუსუბოვამ

აიდან იუსუბოვა - ჟურნალისტი

საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებით მარნეულის „ახალი აზროვნების ინსტიტუტის“  ერთ-ერთი დამფუძნებელი ქამრან ეფენდიევი.

„ნოვრუზ ბაირამი ახალ დღეს ნიშნავს. წლების მანძილზე აღინიშნება ეს დღესასწაული. როგორც ჩვენი წინაპრები აღნიშნავდნენ, ისე აღვნიშნავთ ჩვენც გაზაფხულის მოსვლას. ნოვურზი თავის ოთხ ჩერშენბესთან (სამშაბათთან) ერთად მოდის. 21 მარტი კი დღისა და ღამის გათანაბრებას, გაზაფხულის მოსვლას ნიშნავს. ამ დღესასწაულს თავისი ადათ-წესები აქვს და ვცდილობთ, ამის მიხედვით აღვნიშნოთ. ყველაზე მნიშველოვან თარიღად 21 მარტს გამოყოფენ . ამ დღეს ადამიანები დადია კარდაკარ, ბავშვები ნოვრუზის საჩუქარს იღებენ, სუფრა იშლება, ახლობლებს ეპატიჟებიან, ცეცხლს ანთებენ. ეს ყველაფერი შევინარჩუნეთ და იგივენაირად აღვნიშნავთ. მინდა ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო მთელი მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე ვართ და მინდა მალე გაიაროს ამ ყველაფერმა. გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს, ბედნიერება, ბარაქა და სასიხარულო ამბები გქონოდეთ“ - გვითხრა ქამრან ეფენდიევმა.
ქამრან ეფენდიევი - „ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი

აღსანიშნავია, რომ ნოვრუზის აღნიშვნის უძველესი წესის აღწერას „ვეფხისტყაოსანშიც“ ვხვდებით:


„ამა ქალაქსა წესია: დღესა მას ნავროზობასა არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი, არცა ვინ წავა გზობასა;
ყოველნი სწორად დავიწყებთ კაზმასა, ლამაზობასა, დიდსა შეიქმენ მეფენი პურობა-დარბაზობასა.
ჩვენ დიდ-ვაჭართა ზედა-გვაც დარბაზს მიღება ძღვენისა, მათ საბოძვრისა ბოძება ჰმართებს მსგავსისა ჩვენისა;
ათ დღემდის ისმის ყოველგნით ხმა წინწილისა, ებნისა, მოედანს მღერა, ბურთობა, დგრიალი ცხენთა დგენისა.“


2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა. 2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად  შეიტანეს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში. 2010 წელს, ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა.

თეა დავაძე
რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია