მარნეულში კორონავირუსით დაინფიცირებულის 86 კონტაქტია ცნობილი - ამირან გამყრელიძე
მარნეულში დაფიქსირებული კორონავირუსის ერთ შემთხვევაზე ამ დროისათვის 86 კონტაქტია დადგენილი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „პირველთან“ საუბრისას განაცხადა.

მარნეულში შუახნის ქალს კორონავირუსი დღეს, 22 მარტს, დაუდგინა. ის მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკაში მკურნალობდა.

„ჩვენი ჯგუფი მუშაობდა იმ საავადმყოფოში და ახლა დაბრუნდნენ ცენტრში. მიმდინარეობს დისკუსია ამ ავადმყოფთან დაკავშირებით და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

უკვე დაახლოებით, 86 კონტაქტია იდენტიფიცირებული ამ ბოლო პაციენტთან დაკავშირებით, მაგრამ კონტაქტები კიდევ მეტია. მათთან მუშაობს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.“
- განაცხადა ამირან გამყრელიძემ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, კლინიკა, სადაც დაინფიცირებული მოქალაქე მკურნალობდა, კარანტინის რეჟიმშია გადასული.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკურმა დირექტორმა თქვა, რომ სამედიცინო პერსონალი კარანტინშია გადაყვანილი, მაგრამ ზუსტი რაოდენობა მისთვის ჯერ-ჯერობით უცნობია. მისივე თქმით, პაციენტს სავარაუდოდ აზერბაიჯანში ყოფნის გამოცდილება ჰქონდა, რაც სამედიცინო პერსონალს დაუმალა. ექიმებმა კორონავირუსით ინფიცირებულის აზერბაიჯანში მოგზაურობის გამოცდილების შესახებ მისი ახლობლებისაგან შეიტყვეს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია