მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალის“ თანამშრომელი, მაღალი სიცხით, მერვე კლინიკაში გადაიყვანეს
მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალის“ ერთ-ერთ ექმიმ-თანაშემწეს 22 მარტის საღამოს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა და კატასტროფის ბრიგადის მეშვეობით მერვე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინფორმაცია რადიო „მარნეულს“ „ჯეო ჰოსპიტალის“ ექიმმა-რეანიმატოლოგმა თეა ზარიძემ მიაწოდა. თეა ზარიძე მის კოლეგებთან და პაციენტრბთან ერთად კარანტინშია მოთავსებული. როგორც ამბობს, ექიმ-თანაშემწეს, რომელსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნება, კორონავირუსით ინფიცირებულ ქალთან პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა.

„გარდა სიცხისა, მას სხვა არაფერი არ აღენიშნებოდა, მაგრამ ვინაიდან ამ პაციენტთან უშუალო კონტაქტში იყო, ის შემოწმების მიზნით მერვე კლინიკაში გადაიყვანეს“ - გვითხრა თეა ზარიძემ

ექიმ-რეანიმატოლოგის თქმით, ამ დროსიათვის კარანტინში 30-მდე ადამიანი იმყოფება. მათ შორის არიან ექიმები, ექთნები, სანიტრები და პაციენტები.

„ამ დროისთვის ყველანი კარგად ვართ, სიცხე არავის აღენიშნება, რეაქტიულად ვიკონტროლებთ თავს და ვუვლით პაციენტებს. რეანიმაციულ განყოფილებაში არის ცხრა პაციენტი, ქირურგიაში და ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში რჩება პოსტოპერაციული პაციენტები, რომელთა გაწერაც უკვე შესაძლებელია“ -გვითხრა თეა ზარიძემ

ზარიძის განმარტებით, ქირურგიულ და ტრავმატოლოგიურ განყოფილებების პაციენტებს კორონავირუსით ინფიცირებულთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონიათ, ხოლო რეანიმაციული განყოფილების 9 პაციენტი რისკჯგუფის ქვეშაა, რადგან შუახნის ქალი სწორედ რეანიმაციულ განყოფილებაში მიიღეს.

რადიო „მარნეული“

Print