მარნეულის საავადმყოფოებში, ამ ეტაპზე, 80 საწოლი და 30 სასუნთქი აპარატია მობილიზებული
მარნეულის საავადმყოფოებსა და საველე ჰოსპიტალში ამ ეტაპზე 80 საწოლი და 30 სასუნთქი აპარატია მობილიზებული. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტში მობილიზებული საწოლებისა და სასუნთქი აპარატების შესახებ ინფორმაცია ყოველდღიურად იცვლება.

„ჩვენ თუ მარნეულზე ესე ცალკე ვისაუბრებთ, მაინც არ იქნება სწორი, რადგან საჭიროების შემთხვევაში ქვეყნის მასშტაბით რაცაა მობილიზებული კლინიკა ყველა იქნება გამოყენებული. მარნეულში არსებული საწოლების რაოდენობა თუ არ იქნება საკმარისი, ეს არ ნიშნავს, რომ პაციენტი ისე დარჩება. მისი გადაყვანა მოხდება საქართველოს მასშტაბით არსებულ სხვა დაწესებულებაში, მაგრამ მოლოდინები გვაქვს, რომ მარნეულში არსებული საწოლები საკმარისი იქნება“ - გვითხრა ეკა ადამიამ

23 მარტს, მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე საველე ჰოსპიტალი მოეწყო. თავად კლინიკა, მედპერსონალთან და პაციენტებთან ერთად, კარანტინშია. „ავერსის“ კლინიკა მულტიფუნქციურ სამედიცინო ცენტრად გადაკეთდა.

23 მარტს, 00:30 საათზე, საქართველოს პრემიერმინისტრმა მარნეული და ბოლნისი მკაცრი კარანტინის ტერიტორიად გამოაცხადა. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა.

რადიო „მარნეული“

Print