სიახლე
#დარჩისახლში #ნუმალავპრობლემას - ახალგაზრდების გზავნილი წითელსოფლელებს
„დარჩი სახლში, წადი სახლში, ნუ მალავ პრობლემას“ - წითელსოფელში ახალგაზრდები ყველაგან აკრავენ ფურცლებს ამ მოწოდებით. ისინი თანასოფლელებს ახალი კორონავირუსის გამო, სახლებში დარჩენას და სიმპტომების გამჟღავნებას სთხოვენ.

წითელსოფლის ახაგაზრდული ცენტრის დამფუძნებელი არამ აკოფიანი რადიო „მარნეულთან“ ამბობს, რომ მარნეულში მკაცრი კარანტინის რეჟიმის მიუხედავად, მოქალაქეები კვლავ აგრძელებენ ქუჩებში სიარულს.

„გუშინ, გუშინწინ, ჩვეულებრივ გადაადგილდებოდა ჩვენი სოფლის მოსახლეობა. მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ, რომ მათთვის კიდევ ერთხელ გვეთქვა და შეგვეხსენებინა მარნეულში არსებული სიტუაცია და სოფელში ასეთი მესიჯები გავავრცელეთ: #დარჩისახლში #წადისახლში #ნუმალავპრობლემას“

წითელსოფელი ეთნიკურად სომეხი მოსახლეობითაა დასახლებული. სწორედ ამიტომ, არამმა და მისმა მეგობარმა გზავნილი ორ, სომხურ და ქართულ ენებზე გაავრცელეს. არამი ამბობს, რომ შეზღუდვების მიუხედავად, მოსახლეობა დღეს, 25 მარტს, მიმოსვლას კვლავ აგრძელებს. როდესაც ჩვენ არამს დავუკავშირდით, ის შულავერში პროდუქტის შესაძენად იყო გასული.

„ახლა შულავერში ისევ ისე მოძრაობს ხალხი, როგორც ყოველთვის. ერთი-ორი ადამიანი თუ იცავს თავს, აფთიაქებში, როგორც მითხრეს, პირბადეები არ აქვთ, ასე რომ ძალიანაც რომ გვინდოდეს თავის დაცვა, მაინც ვერ შევძლებთ“.

შულავერი. 25 მარტი, 13:35 საათი.

თუ მოსახლეობა კვლავ არაფრად ჩააგდებს ერთმანეთისგან დისტანცირების მოწოდებას და კვლავ გამოვა ქუჩაში აუცილებელის საჭიროების გარეშე, წითელსოფლის ახალგაზრდობა რაიმე აქცია-პერფორმანსს მოიფიქრებს, რათა მოსახლეობას კარგად დაანახოს კორონავირუსის საფრთხე.

მარნეული და ბოლნისი მკაცრი კარანტინის რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა აკრძალულია. გასასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია