მარნეული
რა უნდა ვიცოდეთ კორონავირუსის შესახებ
ერთადერთი, რაც კორონავირუსის შესახებ ყველამ კარგად გავიგეთ არის ის, რომ ამ ვირუსმა მთელი ქვეყნის კი არა, მსოფლიო სახლში გამოკეტა, სრულად შეცვალა ცხოვრების რიტმი და ადამიანების დამოკიდებულება ერთმანეთისადმი თუ მოვლენებისადმი. და მაინც, რა არის Covid-19, რა ძალა აქვს ასეთი, რატომ არის მისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალება სახლში დარჩენა, რამდენად განსხვავდება ის სეზონური გრიპისგან, სად და როგორ შეიძლება დაინფიცირება, რა სიმპტომები ახასიათებს ვირუსს და რამდენად სერიოზულად შეიძლება დაავადდე? ეს კითხვები დღეს ფაქტობრივად ყველას აწუხებს.

Covid-19 კორონავირუსის ოჯახს მიეკუთვნება. ის ცხოველიდან ადამიანს 2019 წლის ბოლოს გადაეცა. ეს ჩინეთში, ქალაქ უჰანში მოხდა. ერთი სახეობიდან მეორეზე გადასვლა ვირუსმა „ეფექტურად“ მოახერხა. სრულიად ახალ ვირუსს მეცნიერები ახლა სწავლობენ. ახალი კორონავირუსი სწრაფი გავრცელების და სერიოზული დაავადებების გამოწვევის უნარმა ბევრი ქვეყანა აიძულა მიეღო მკაცრი ზომები ეპიდემიის გავლენის შესუსტების მიზნით. პრობლემა ის არის, რომ თუკი ინფექცია ყველას ერთდროულად მოიცავს, სამედიცინო სფერო ამ დატვირთვას ვერ გაუძლებს და პაციენტები შესაბამის დახმარებას ვერ მიიღებენ. ამიტომაც, ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში საზოგადოების წილი საკმაოდ მაღალია. სახლში დარჩენით ჩვენ ვამცირებთ გავრცელების ალბათობას და ტემპს.

როგორ შეიძლება დავიცვათ საკუთარი თავი და სხვები ინფიცირებისგან?

  • რაც შეიძლება ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და გამდინარე წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში. თუ არ გაქვთ დაბანის საშუალება, გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო ხსნარი (სანიტაიზერი).
  • ნუ შეეხებით ხელებით სახეს.
  • დახველებისას და დაცემინებისას გამოიყენეთ ერთჯერადი ცხვირსახოცი და მაშინვე გადააგდეთ ის, ან აიფარეთ იდაყვი.
  • ერიდეთ ადამიანებს, ვისაც შესაძლოა ჰქონდეს სიმპტომები.
  • დაიცავით თვითიზოლაციის რეკომენდაცია.

როგორ უნდა განასხვაოთ ჩვეულებრივი გრიპი Covid-19-სგან?

ვინაიდან თავიდან ექიმებსაც გაუჭირდათ ამ სიმპტომების ერთმანეთისგან გარჩევა, მას როგორც ჩვეულებრივ გრიპს მკურნალობდნენ. ამ ფაქტმა ხელი შეუწყო ვირუსის სწრაფ გავრცელებას ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის იტალიაში.

ჩვეულებრივი გრიპის სიმპტმებია მაღალი სიცხე, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ცხვირში სისველე, კანკალი, ყელის ტკივილი, დაღლილობა და ზოგჯერ დიარეა და ღებიება. ჩამოთვლილი სიმპტომების ნაწილი ახასიათებს Covid-19-საც, თუმცა ექიმები ახლაც მუშაობენ მის ზუსტად დადგენაზე. საავადმყოფოში გადაყვანილ პაციენტთა უმრავლესობას ახასიათებს
  • სიცხე
  • მშრალი ხველა
  • სუნთქვის გაძნელება
უფრო იშვიათად
  • დაღლილობა
  • კუნთების ტკივილი
ცხვირის სისველე და ყელის ტკივილი ახალ კორონავირუსს ნაკლებად ახასიათებს. არსებული მონაცემებით, ეს სიმპტომები დაავადებულთა 5% აღენიშნებოდა. Covid-19-ის დადასტურება მხოლოდ ტესტით არის შესაძლებელი.

ვირუსის საინკუბაციო პერიოდი 2-დან 14 დღემდეა, თუმცა, იყო გამონაკლისი შემთხვევები, როცა ახალი კორონავირუსის დიაგნოზი ამ პერიოდის გასვლის შემდეგ დაისვა. დაავადება ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და სამედიცინო ჩარევა საჭირო არ არის.

რა უნდა გააკეთოთ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში?

თუ გაქვთ სიცხე, მშრალი ხველა და გიჭირთ სუნთქვა:

  • მიმართეთ ოჯახის ექიმს, დაურეკეთ მას ტელეფონზე. ნუ მიხვალთ კლინიკაში, ეს შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს თქვენთვის ან გარშემომყოფთათვის. ექიმი თავად გირჩევთ როგორ მოიქცეთ
  • მოერიდეთ ოჯახის წევრებთან ახლო კონტაქტს
  • დარეკეთ ცხელ ხაზზე: 1505 (ჯანდაცვის სამინისტრო)
116 001 (დაავადებათ კონტროლის ცენტრი)
591 959 509 ( მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია)
  • არ დამალოთ თქვენი მოგზაურობის ისტორია
  • თუ არ გადაგიყვანენ საავადმყოფოში, თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები სახლში უნდა დარჩეთ14 დღის განმავლობაში.
თუ ახალი კორონავირუსის დიაგნოზი დაგისვეს...

ჩინეთში ფართომასშტაბიანმა კვლევამ აჩვენა, რომ ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების 80% მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება. დაახლოებით 15% აქვს მძიმე ფორმა, რაც სუნთქვის მნიშვნელოვან უკმარისობას, სისხლში ჟანგბადის დაბალ დონეს და ფილტვების სხვა პრობლემებს იწვევს. შემთხვევათა 5%-ზე ნაკლები კრიტიკული ხასიათისაა. ასეთ პაციენტებს აღენიშნებათ რესპირატორული უკმარისობა, სეპტიკური შოკი, ან სხვა ორგანოების პრობლემა. შესაბამისად, რესპირატორული და გულის დაავადებების, ასევე დიაბეტის მქონე პირები უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, განსაკუთრებით კი ასაკოვანი ადამიანები.

რა გართულება შეიძლება მოჰყვეს კორონავირუსს?

კორონავირუსმა შესაძლოა ფილტვების ანთება გამოიწვიოს. ორმხრივი პნევმონია ვირუსულია, შესაბამისად, ანტიბიოტიკები მის სამკურნალოდ არ გამოიყენება. ექიმები ანტიბიოტიკს მხოლოდ იმ შემთხვევაში ნიშნავენ, თუკი ვირუსულს ბაქტერიული ინფექცია დაერთვება თან. ორმხრივი პნევმონიის გართულებამ, შესაძლოა, ორგანოს ფუნქციის გათიშვა და გარდაცვალება გამოიწვიოს.

როგორია ახალი კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით სიკვდილიანობა 3.4% შეადგენს. ეს რაოდენობა ინფიცირებულთა ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევების საერთო ჯამიდან არის დათვლილი. თუმცა, ცნობილია, რომ ბევრია ვირუსით ინფიცირების მსუბუქი შემთხვევა, როცა პაციენტები არ აკითხავენ კლინიკებს და ისინი არ არიან აღრიცხულები დაავადებულთა საერთო სიაში. ეს კი სიკვდილიანობის მაჩვენებელს ბევრად დაბლა, 1%-ზე ქვემოთ წევს.

სიკვდილიანობა მაღალია ასაკოვან ადამიანთა შორის და ძალიან დაბალია ახალგაზრდებში.

სად და როგორ შეიძლება დაინფიცირდეთ?

არსებული მონაცემებით, ოჯახებში, სადაც ბევრნი ცხოვრობენ და მჭიდროდ დასახლებულ უბნებში ახალი კორონავირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება. თუ ინფიცირებული ადამიანი თქვენგან ერთ-ორ მეტრში დგას, მასთან საუბრის დროსაც კი შეიძლება დაინფიცირდეთ. ეს შესაძლოა, დახველებისას გამოყოფილი წვეთებით მოხდეს. შეიძლება ინფექცია ხელზე „მიგეკრათ“, თუ იმ ზედაპირს შეეხებით, რომელსაც მანამდე ინფიცირებულმა ადამიანმა მოკიდა ხელი. მყარ ზედაპირებზე ვირუსი 48-72 საათის განმავლობაში რჩება, რბილზე კი გაცილებით ნაკლებ ხანს ძლებს. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ხელების ხშირად და სწორად დაბანა. ხელით არ უნდა შეეხოთ სახეს, რომ პირიდან თვალებიდან და ცხვირიდან ვირუსმა თქვენს სხეულში ვერ შეაღწიოს.

არსებობს თუ არა Covid-19-ის სამკურნალო მედიკამენტი?

ამ დროისთვის წამალები, რომლებიც სხვადასხვა ვირუსის წინააღმდეგ მუშაობს, სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში იტესტება. ყველაზე იმედისმომცემია აივ ინფექციის (შიდსი) საწინააღმდეგო კომბინირებული წამალი და ებოლას სამკურნალო მედიკამენტი. ჩინელმა ექიმებმა ასევე გამოიყენეს ქლოროცინი, ანტიმალარიული პრეპარატი, რომელიც იაფი და ხელმისაწვდომია. წამლების ეფექტურობის პირველი შედეგებს მარტში უნდა ველოდოთ.

როდის იქნება ვაქცინა?

მეცნიერთა არაერთი გუნდი უკვე ცდის ვაქცინას ცხოველებზე და ემზადება ადამიანებზე დასატესტად. მიმდინარე ეპიდემიის დროს ვაქცინა ვერ გაივლის ყველა საჭირო ეტაპს. მის დამზადებას ერთი წლიდან 18 თვემდე დრო დასჭირდება.

ამ დროისთვის მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა 428 959 დადასტურებული შემთხვევაა. გარდაიცვალა 19 000-ზე მეტი ადამიანი, გამოჯანმრთელდა 110 047 ადამიანი. საქართველოში რეგისტრირებულია ინფიცირების 73 ფაქტი. 9 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

მომზადებულია საერთაშორისო მედიას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია