სიახლე
კორონავირუსის ახალი სიმპტომი - ქსენოფობია
„დატოვონ საქართველო, დიდი ხანია პრობლემის მეტს არაფერს უკეთებენ ქვეყანას!“, „ არ შეიძლება აზერბაიჯანის მთავრობას მივმართოთ და წაიყვანონ ეს ხალხი აქედან? ან და აუხსნან და შეირგონ, რომ უვლიან!“ - მსგავსი შინაარსის კომენტარები სოციალურ ქსელში მას შემდეგ ვრცელდება, რაც საზოგადოებამ მარნეულში დადასტურებული კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი გაიგო. დასნებოვნებული ქალის ეთნიკურობას არაერთი უსვამს ხაზს და აზერბაიჯანელების მიმართ აგრესიას გამოხატავს.



სამირა ბაირამოვა მარნეულელი აქტივისტია. წყენა რადიო „მარნეულთან“ ღიად გამოხატა და თქვა, რომ უამრავ ქსენოფბიურ განცხადებას ისმენს.

„შეურაცხმყოფელ, დამამცირებელ სტატუსებს აქვეყნებენ წერენ, რომ ესენი (აზერბაიჯანელები) დასახოცები არიან, ყველა გასაყრელია ქვეყნიდანო, უნდა მოწამლონ, საქართველოში საერთოდ უნდა ამოწყდეს ამათი ჯიში და უამრავი ასეთი აზრი. ვფიქრობ, საქართველოში მცხოვრები ეროვნებები, ჯგუფები, ერთმანეთს კარგად არ იცნობენ და ინფორმაცია არ აქვთ. მათში არსებული ზიზღი ინფორმაციის არ ქონის გამოა“.

24 მარტს, „ფეისბუკზე“ აზერბაიჯანელმა ახალგაზრდებმა ერთმანეთის გამოწვევა („ჩელენჯი“) დაიწყეს. ეს მათი პასუხია ქსენოფობიურ განცხადებებზე.

„მეგობრებო, მარნეულის და ბოლნისის საკარანტინო ზონად გამოცხადების შემდეგ, სოციალურ ქსელებში ძალიან ბევრი დისკრიმინაციული პოსტი იდება და ეთნიკურ აზერბაიჯანელებს შეურაცხყოფას აყენებენ. რის გამოც, ვუერთდები ჩელენჯს, რომ ცოტა ცნობიერება ავამაღლოთ:
"ვარ მარნეულელი, ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ვიცი ქართული ენა. არ ვარღვევ სახელმწიფოს მიერ დადგენილ შეზღუდვებს, ვრჩები სახლში!" -
წერს მარნეულელი აქტივისტი საქინა რუსტამოვა.




სოციალურ ქსელში გავრცელებულ ქსენოფობიურ განცხადებას მარნეულის მერიც გამოეხმაურა, და მოქალაქეებს მოუწოდა, საკითხს მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებით მიუდგნენ.

„არაერთ ნეგატიურ, არაფრისმომცემ და ქსენოფობიურ სტატუსებს, კომენტარებსა თუ განცხადებებს ვეცნობი სოციალურ ქსელებში.
პრობლემა, სახელად კორონავირუსი გლობალურია და ამ გამოწვევის წინაშე მთელი მსოფლიო დგას, იგი არ გამოყოფს ადამიანებს ეთნიკური ნიშნით“-
წერს ზაურ დარგალი „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე.

მარნეულის მერის გარდა, ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართ გაკეთბულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ და მოსახლეობას მოუწოდეს, დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი კომენტარებისგან თავი შეიკავონ.

„სიძულვილის ენა საშიშია! იგი ამკვიდრებს გაუცხოების, საზოგადოებრივი, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცხოვრებიდან ამა თუ იმ ჯგუფის დისტანცირების პრაქტიკას, საფრთხეს უქმნის ქვეყანაში მშვიდობასა და საზოგადოებრივ სიმშვიდეს! მსოფლიოში არსებული გამოწვევბისა და სტრესული მდგომარეობის ფონზე, მეტად გვმართებს ერთიანობა და ერთმანეთის სიყვარული!“, - წერს ფაისბუკზე სახალხო დამცველის გენდერის რეგიონული წარმომადგენელი ქვემო ქართლში მარიამ გვიდიანი.



მარნეულში კარანტიბის მესამე დღეა. მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.


| Print |