სიახლე
დეფიციტის გამო, წითელსოფლელები მოსახლეობისთვის პირბადეებს კერავენ
წითელსოფლის ახალგაზრდული ცენტრის ბენეფიციარებმა მოსახლეობისათვის პირბადეები შეკერეს. ახალგაზრდული ცენტრის დამფუძნებელმა არამ აკოფიანმა რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ პირბადეების შეკერვა მუნიციპალიტეტში შექმნილი დეფიციტის გამო გადაწყვიტეს.

„აფთიაქებში როდესაც ვიკითხე მითხრეს, რომ პირბადეები არ ჰქონდათ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი ცენტრის წევრებთან ერთად რამდენიმე პირბადე შეგვეკერა და მოსახლეობისათვის დაგვერიგებინა. ამ ეტაპზე 10 პირბადის შეკერვა შევძელით“ - გვითხრა არამ აკოფიანმა



არამის თქმით, პირბადეები ორმაგი მარლის ფენისაგან შეკერეს. 10-ზე მეტი პირბადის დამზადება კი მასალის სიმცირის გამო ვერ შეძლეს. არამი ამბობს, რომ ხვალ უფრო მეტ მასალასაც იშოვიან და მეტ პირბადეს დაამზადებენ.

#დარჩისახლში #ნუმალავპრობლემას - ამ სახის გზავნილებს წითელსოფლელი ახალგაზრდები სოფლის ტერიტორიაზე ავრცელებდნენ და მოსახლეობას მოუწოდებდნენ, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით სახლებში დარჩენილიყვნენ და სიმპტომები არ დაემალათ.

მარნეული და ბოლნისი მკაცრი კარანტინის რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა აკრძალულია. გასასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია