ალგეთში გამქრალი ურნები ბლოკ-საგუშაგოსთან აღმოჩნდა
მარნეულის მუნიციალიტეტის სოფელ ალგეთში ორი სანაგვე ურნიდან ვერცერთს ვეღარ ნახავთ. მოსახლეობა დაბნეულია. ახალი კონტეინერები, რომელიც მუნიციპალიტეტმა დაახლოებით ერთი თვის წინ დადგა, დღეს, 26 მარტს, ადგილობრივებს ქუჩაში აღარ დახვდათ. ნარჩენების გადაყრა მათ იქვე, პირდაპირ მიწაზე უწევთ.

გაირკვა, რომ ალგეთის სანაგვე ურნები დროებით ბლოკ-საგუშაგოსთან წაიღეს, მოსახლეობა კი ამის შესახებ არავის გაუფრთხილებია. როგორც ჩვენთან საუბარში შპს „სუფთა მარნეულის“ დირექტორი ლერი მუმლაძე ამბობს, კონტეინერებს უკან მალე დააბრუნებენ, მანამდე კი ალგეთელებისთვის ალტერნატიული სანაგვე ურნის შეთავაზება არ შეუძლიათ.

„ურნების ნაკლებობა გვაქვს. ტენდერი სანაგვე ურნებისთვის გამოცხადებული ჰქონდათ, მაგრამ ისეთი პერიოდი დაგვემთხვა, რომ შეჩერებულია შემოტანის პროცესი. ბლოკ-საგუშაგოსთან აუცილებელი იყო სანაგვე ურნების მიტანა და ყველაზე ახალი ურნები მაგ სოფელში იყო. ამიტომ დროებით აღება მოგვიწია, თუ რამე შეიცვალა, დავდგამთ ისევ. მე მექმნება პრობლემა, ახლა ძირს დაყრიან და ამიტომ ქვემო ქართლის გუბერნატორს ვთხოვე, იქნებ 10 სანაგვე ურნა გვათხოვოს“.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. მუნიციპალიტეტის გასასვლელთან ბლოკ-საგუშაგო განათავსეს. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.

Print
თეგები: covid-19