მარნეულის საველე ჰოსპიტალში კორონავირუსზე ტესტი 5 ადამიანს გაუკეთდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის საველე ჰოსპიტალში, დღეს, 26 მარტს, კორონავირუსზე ტესტი ხუთ ადამიანს გაუკეთეს.

ამის შესახებ ინფორმაცია რადიო „მარნეულს“ მერმა, ზაურ დარგალმა მიაწოდა.

„საველე ჰოსპიტალში, 9 პაციენტი იმყოფებოდა. ხუთს დაახლოებით 14:00 საათისთვის აუღეს ტესტი კორონავირუსზე. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ამ დღეებში ვინც აქ მიიყვანეს, არცერთს არ დაუდასტურდა კორონავირუსი“.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, რომ საველე ჰოსპიტალი ყვლანაირი საჭირო ინვენტარითაა აღჭურვილი.

24 მარტს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი „ჯეო ჰოსპიტალის“ გვერდით მოაწყო. უწყებას მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საველე ინფრასტრუქტურის გამართვა მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დაევალა.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ კარანტინზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.

ქალაქში შემსვლელ და გამსვლელ საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე კონტროლს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს.

 

Print