ვინ მიიღებს დახმარებას მარნეულში - მერის განმარტება

დღეს, 30 მარტს გამართულ ბრიფინგზე ზაურ დარგალმა ახსნა, თუ რა ნიშნით შეარჩია მარნეულის მერიამ ადამიანები, ვისაც სურსათით დაეხმარებიან.

საუბარია ძირითადად მოსახლეობის იმ ნაწილზე, ვისაც სახლიდან გასვლა არ შეუძლია და სოციალურად განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩდნდა.

„ჩვენ ვეხმარებით მარტოხელა მოხუცებს, ვისაც არააქვს შესაძლებლობა რომ გავიდნენ სახლებიდან არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე. ჩვენ ვეხმარებით მოქალაქეებს, რომელთა სოციალურად დაუცველის სტატუსი გაუქმებულია და არსებულ ვითარებაში რთულ სიტუაციაში არიან. ჩვენ ვეხმარებით იმ ხალხს, ვინც არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე დაკარგა სამსახური და მცირე, ყოველდღიური შემოსავალი ჰქონდა. ჩვენ ვეხმარებით იმ ხალხს, ვინც იძულებით კარანტინში ან თვითიზოლაციაში იმყოფება და დღემდე, უკვე 1 345-მა ოჯახმა მიიღო აღნიშნული დახმარება“, - განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა.

მერია მოსახლეობის დახმარებას ამ სიის მიხედვით გააგრძელებს. ზაურ დარგალი დღეს დილით, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობის შეკრების ფაქტსაც შეეხო და თქვა, რომ პირები, ვინც ადგილობრივებს ცრუ ინფორმაციას აწვდიან და ეუბნება, რომ ყველას შეუძლია დახმარების მიღება, დამნაშავეები არიან. მერმა დეზინფორმაციის გავრცელებაში ოპოზიცია დაადანაშაულა და თქვა, რომ ისინი მუნიციპალიტეტსა და ქვეყანაში შექმნილ ვითარებას პარტიული ქულების მოგროვებისთვის იყენებენ.

„ჩვენ გვაქვს ერთი მიზანი, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასაც, რომ შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება და დღეს საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია ამ მიმართულებით.“

მარნეულის მერიამ მიიღო დადგენილება, სარეზერვო ფონდიდან სახსრების გამოყენებაზე. ამ ეტაპზე 1 345 მარნეულელს დახმარება სწორედ ამ თანხით გაუწიეს. მოქალაქეებს ურიგებენ ფქვილს, ზეთს, მაკარონს, ბრინჯს, წიწიბურას, შაქარს და პირველადი მოხმარების სხვა პროდუქტს. ხარჯს მერია კრანტინის დასრულების შემდეგ გაასაჯაროებს.

საქართველოს მთავრობამ მარნუელის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი კარანტინის რეჟიმი 23 მარტს გამოაცხადა. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. ქალაქის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო. დაიხურა ყველა სახის ბიზნეს ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა.

 

Print