მარნეულში კორონავირუსი კიდევ ორ ქალს დაუდგინდა
მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალის" კლინიკაში კორონავირუსის ორი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.

რადიო "მარნეულთან" საუბრისას კლინიკის დირექტორმა ტატა შენგელაიამ თქვა, რომ კორონავირუსი ორ ქალს დღეს, 31 მარტს, დაახლოებით 11:00 საათზე, დაუდგინდა. მისი თქმით, ამ ეტაპზე საავადმყოფოში ეპიდემიოლოგების ჯგუფს ელოდებიან, რომლებიც დაინფიცირებულ ქალებს სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანენ.

შენგელაია ვერ აზუსტებს, არიან თუ არა აღნიშნული ინფიცირებული მარნეულში გამოვლენილი პირველი შემთხვევის კონტაქტები. 

მარნეულში შუახნის ქალს კორონავირუსი, 22 მარტს, დაუდგინა. ის თბილისის საუნიერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდნენ. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ 23 მარტს, 00:30 საათზე გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. 

დღეიდან, 31 მარტიდან, საქართველოში მოქმედებს კომენდანტის საათი, მოსახლეობისათვი საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილება აკრძალულია.
Print