მარნეულის სასურსათო მაღაზიების ნაწილში გაყიდვები შემცირდა
მარნეულში მდებარე სამი სავაჭრო ობიექტის მეპატრონე გაყიდვების საგრძნობლად შემცირებას უჩივის. კოსტავას ქუჩაზე მდებარე მაღაზიის მფლობელი ამბობს, რომ კარანტინის გამოცხადების შემდეგ მაღაზიაში მყიდველი თითქმის არ შესაულა.

„ვაჭრობა არაა, ხალხი არ დადის. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ხალხი პანიკაშია. ყველაზე ხშირად პურს ყიდულობენ, მაგრამ საერთო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთოდ არაფერს არ ყიდულობენ“.

კიდევ ერთი სასურსათო მაღაზიის მეპატრონის, სამირ აჯალოვის ინფორმაციით, ქალაქის ჩაკეტვის შემდეგ, სავაჭრო ობიექტში დისტრიბუტორების მხოლოდ 40% შედის.

„ტკბილეული, სხვა პროდუქტებიც, თითქმის აღარ შემოდის. მოსახლეობა ძირითადად ისევ იმას ყიდულობს, რასაც აქამდე ყიდულობდა, პურს, სიგარეტს და სახლისთვის საჭირო რაღაცეებს“

სამირ აჯალოვის თქმით, სუპერმარკეტში მყიდველთა რაოდენობამაც იკლო. გაყიდვები 50%-ით შემცირდა მარნეულის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრშიც. ცენტრის ბუღალტერი მარიკა შავრეშიანი რადიო „მარნეულს“ უყვება, რომ მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის შემდეგ შემცირდა დისტრიბუტორთა რაოდენობაც და გარკვეულ პროდუქტებზე დეფიციტი შეიქმნა.

„ძირითადად ხალხი ბურღულეულს ყიდულობს, მაკარონს, შაქარს, ზეთს და ასეთ პროდუქტებს. ახლა მაგალითად მაკარონი გვინდა, მაგრამ ფიებს არ აქვთ, ცოტას იქედან ვიღებთ, ცოტას აქედან, რომ შევავსოთ მაღაზიაში შექმნილი დეფიციტი“

მაკარონის დაცარიელებული სექცია

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან საკარანტინო რეჟიმში ცხოვრობს. ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულში კორონავირუსით დაავადებული ქალის ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა. მუნიციპალიტეტების შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო. შეზღუდულია მოქალაქეთა გადაადგილება.

რადიო "მარნეული"

Print