მარნეულის მერიასთან შეკრებილებს თვითმმართველობა დახმარებაზე უარს ეუბნება
ადგილობრივი თვითმმარველობა 30 მარტს მერიასთან შეკრებილ მოსახლეობას არ დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო „მარნეულს“ მერის მრჩეველმა ახალგაზრდულ საკითხებში ადილ ალიევმა მიაწოდა.

„იქ შეკრებილი ადამიანების 90% იყვნენ ისეთი ადამიანები, ვისაც გარკვეული შემოსავალი და საშუალება აქვთ. ჩვენ მზად ვართ რომ დავუმტკიცოთ მაგათ ეს ყველაფერი. სამწუხაროდ, იყენებენ არსებულ ვითარებას. ასევე იქ შეკრებილებს შორის იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ჩვენ უკვე გავუწიეთ დახმარება და ხელმეორედ იყვნენ მოსულები. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ დავუშვათ შეცდომა და არ მივცეთ ადამიანებს ამ ვითარებით სარგებლობის საშუალება“.



იმ ხალხის სიის შედგენაში, ვისთვისაც პრიდუქტით დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ოპოზიცია პოლიტიკურ სარჩულს ხედავს. „ევროპული საქართველოს“ მარნეულის ოფისის ხემლძღვანელი ამბობს, რომ ხელისუფლება იმათ კი არ ეხმარება, ვისაც ეს სჭირდება, არამედ სურსათით საკუთარ მომხრეებს ამარაგებს.

„გუშინ მერიასთან შეკრებილი მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების უნიათობის გამო იყო გარეთ გამოსული. მათ ვერ მიაწოდეს სწორი ინფორმაცია თუ ვის ურიგებდნენ ამ დახმარებებს. მე მაქვს ინფორმაცია, რომ მერიის წარმომადგენლები პროდუქტს ურიგებდა არა იმ ხალხს, რომლებიც გაჭირვებულები არიან, არამედ იმ ხალხს, რომლებიც მათი მომხრეები არიან. ამ ხალხთან მიმართებაში (მერიასთან შეკრებილები) არაინფორმირებულობა და გაჭირვების პრობლემა ერთმანეთთანაა მიბმული“, - ამბობს ახმედ იმამკულიევი.

30 მარტს მერიასთან ხალხმა მძიმე სოციალური პირობები გააპროტესტა და დახმარება მოითხოვა. მარნეულის მერმა ოპოზიცია ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში და კარანტინის რეჟიმის დროს პოლიტიკური ქულების დაწერაში დაადანაშაულა. ზაურ დარგალის გამოსვლას ახმედ იმამკულიევი „ხუშტურებს“ უწოდებს.

საგანგებო ბრიფინგზე მარნეულის მერმა ის ოთხი კრიტერიუმი დაასახელა, რომლის მიხედვითაც დასახმარებელ პირთა სია დგება.

ადგილობრივი თვითმმართველობა დაეხმარება მათ, ვისაც ამ დროისთვის შეჩერებული აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი, მარტოხელა პენსიონერებს, რომლებიც სოფლებში ცხოვრობენ და ტრანსპორტით გადაადგილების საშუალება არ აქვთ, მოქალაქეებს, რომლებსაც ოჯახში ჰყავთ მცირეწლოვნები და სამუშაოს მიტოვება საკარანტინო რეჟიმის გამო მოუხდათ და ოჯახებს, რომლებიც იძულებით კარანტინში იმყოფებიან.

სოფელ ხიხანში ხალხი მძიმე ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობს და სავარაუდოდ, მათი ნაწილი ჩამოთვლილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.  სოფელში მერია კარანტინის გამოცხადების პირველ ეტაპზე ოთხ ოჯახს, ხოლო დღეს, 31 მარტს დამატებით 20 ოჯახს დაეხმარა საკვები პროდუქტებით. 

31 მარტის მონაცემებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ პროდუქტით 1500 ოჯახი მომარაგა. თვითმმართველი ორგანო მოსახლეობისთვის სურსათის დარიგებას აგრძელებს, თუმცა დასახმარებელი ოჯახების, სადაც სანოვაგეს მიიტანენ, ამ დროისთვის ვერ ასახელებს.

„1400 ოჯახს დაურიგდა ბრინჯი, მაკარონი, წიწიბურა, ზეთი და პური. დანარჩენ 100 ოჯახს ფხვნილი, ზეთი, ბრინჯი, ვაშლი და მაწონი. ნაწილი მერიის შეძენილი პროდუქტები იყო ნაწილი კი სხვადასხვა კომპანიებმა გადმოგვცა“, - ამბობს მერის მრჩეველი ახალგაზრდულ საკითხებში.

ადილ ალიევის ინფორმაციით, მოქალაქეთა დახმარება მანამდე გაგრძელდება, ვიდრე რთულ საკარანტინო პირობებს არ გავუმკლავდებით.

მერიის გარდა მოსახლეობის დახმარების მზადყოფნა არაერთმა მარნეულელმა და ადგილობრივმა ორგანიზაციამ გამოთქვა.

მარნეულის მერიამ სარეზერვო ფონდიდან სახსრების გამოყენებაზე დადგენილება 26 მარტს მიიღო და მოსახლეობის დახმარება დაიწყო. ხარჯს მერია კრანტინის დასრულების შემდეგ გაასაჯაროებს.

საქართველოს მთავრობამ მარნუელის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი კარანტინის რეჟიმი 23 მარტს გამოაცხადა. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. ქალაქის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო. დაიხურა ყველა სახის ბიზნეს ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა.


Print