ძაღლის მიერ დაკბენილი კაცი მარნეულის არცერთმა კლინიკამ არ მიიღო
ძაღლის მიერ დაკბენილი კაცი მარნეულის არცერთმა კლინიკამ არ მიიღო
კაცს მაწანწალა ძაღლმა 31 მარტს, საღამოს საათებში უკბინა. დაზარალებულმა დღეს, 1 აპრილს, სადახლოდან მარნეულამდე 30 კილომეტრი ანტირაბიული ვაქცინის გამო გამოიარა, თუმცა მარნეულის ორ კლინიკაში, სადაც ცოფზე ცრიან, ის არ მიიღეს.

„“ავერსში“ და „ჯეო ჰოსპიტალში“ ვიყავი, არცერთგან არ მიმიღეს. წამალი არ გვაქვსო . არც დრო მითხრეს როდის მიიღებდნენ. ახლა, სოფელში დავბრუნდით სადახლოში. არ ვიცი რა უნდა ვქნათ“, -
გვეუბნება 31 წლის დაკბენილი კაცის მეზობელი, რომელიც პაციენტს საავადმყოფოში გამოყვა.

მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ეთერ ლაფერაძე რადიო „მარნეულს“ ეუბნება, რომ ჯეო ჰოსპიტალში პაციენტს კარანტინის გამო ვერ მიიღებდა. სწორედ ამ კლინიკაში დაუდასტურდა 22 მარტს პაციენტს კორონავირუსი.

„რაც შეეხება „ავერსს“, აუცილებლად უნდა მიეღოთ. შეიძლება ვაქცინა არ ჰქონდათ ახლა გადაიტანენ, აი, ახალა უკვე მიაქვთ, ჩვენიდან მიაქვთ ხოლმე ვაქცინები. იქ უარი არ არის“, - ამბობს ეთერ ლაფერძე.

„ავერსის“ მენეჯერმა თავდაპირველად გვითხრა, რომ წესით, მათ კლინიკაში პაციენტისთვის უარი არ უნდა ეთქვათ, სიტუაციაში გარკვევას და გადმორეკვას დაგვპირდა.
\
„გავარკვიე ყველაფერი გვაქვს. კლინიკაში ვინც მივა, მოვემსახურებით. ვაქცინის პრობლემა არ ყოფილა. თითო-თითო გვქონდა ყველაფერი. წუხელ უბრალოდ შეავსეს მარაგი“
- ამბობს მანანა კაპანაძემ უკვე განმეორებითი კომუნიკაციის დროს.

კითხვაზე, თუ რატომ გაისტუმრა პაციენტი უარით კლინიკამ, სადაც ვაქცინის პრობლემა არ აქვთ, მენეჯერი გვპქსუხობს, რომ რადიო „მარნეულს“ მცდარი ინფორმაცია მიაწოდეს. ფაქტი ერთია, კაცი, რომელსაც ძაღლმა უკბინა, სადახლოში დაბრუნდა. მას „ავერსში“ უთხრეს რომ ვაქცინა არ აქვთ და ვერ დაეხმარებიან. ეს „გაურკვეველი“ „შეცდომა“ მას შეიძლებოდა სიცოცხლის ფასად დაჯდომოდა.

ანტირაბიული ვაქცინა 48 საათის განმავლობაში უნდა გაკეთდეს. კარანტინის პირობებში, როცა საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არ მოძრაობს, დაკბენილ კაცს კვლავ მოუწევს მარნეულში დაბრუნება.


Print