ხიხანელებს აქტივისტები, ორგანიზაციები და თვითმმართველობა ეხმარებიან
სოფელ ხიხანში 28 ოჯახმა დახმარება მიიღო. სხვადასხვა ორგანიზაციამ და საინიციატივო ჯგუფმა დასახლებაში საკვები პროდუქტი და მედიკამენტები აიტანა. სოფელში არსებულ სიდუხჭირეზე მათ 26 მარტს რადიო „მარნეულის“ მიერ მომზადებული სტატიიდან, „კორონავირუსმა სოფელი ხიხანი მშიერი დატოვა“, გაიგეს.

ხიხანის მკვიდრი ნანა გაბაიძე სოფლის მოსახლეობისათვის საჭირო პროდუქტისა და მედიკამენტების განაწილებას კურირებს. გვიყვება, რომ დაახლოებით 28 ოჯახს სურსათი, ხოლო 13 ოჯახს მედიკამენტები დაურიგეს.

აქტივისტების, ფიზიკური პირებისა თუ ორგანიზაციების სია, ვინც სოფელში თუნდაც ერთ ოჯახს დაეხმარა, გრძელია. სოფელ მარადისის საჯარო სკოლის ეკო-კლუბმა ხიხანში სამ ოჯახს პირველადი მოხმარების პროდუქტი გადასცა. მოხალისეთა ჯგუფი თბილისიდან ხუთ ოჯახს სურსათით  დაეხმარა. საერთაშორისო ორგანიზაციამ „ევროპის დემოკრატიული ინსტიტუტი“ სოფელში პირბადეები, ხელთათმანები და სადეზინფექციო ხელსახოცები გაგზავნა.„საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ფონდმა“ ნანა გაბაიძეს 500 ლარი ჩაურიცხა, რომლითაც მან მოსახლეობისათვის პროდუქტი უნდა იყიდოს. 31 მარტს მარნეულის ერთ-ერთმა აფთიაქმა ხიხანელებს პირბადეები და 23 დასახელების მედიკამენტი გაუგზავნა. "მომავლის კლუბი" მრავალშვილიან ოჯახს, ხოლო იმამ ალის მეჩეთი კიდევ ხუთ ოჯახს დაეხმარა.

26 მარტამდე სოფელში პირველადი მოხმარების პროდუქტი მერიისაგან მხოლოდ ოთხმა ოჯახმა მიიღო. 31 მარტს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ სასურსათო კალათა დამატებით 15 ოჯახს გადასცა.

ნანა გაბაიძე ახლა იმ მოსახლეობის სიას ამზადებს, ვინც დახმარება ვერ მიიღო. სიას მერიაში გადაგზავნის, იმედი აქვს, რომ თვითმმართველობა უყურადღებოდ არავის დატოვებს.

„ეს პროდუქტები ოჯახებს დაახლოებით ხუთი - შვიდი დღის განმავლობაში ეყოფა. თუ ვირუსი გაგრძელდება, მერე რა უნდა გავაკეთოთ არ ვიცი“, - ამბობს ნანა გაბაიძე.

ხიხანში დღეს დაახლოებით 125 ოჯახი ცხოვრობს. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი თავს სოფლის მეურნეობითა და დღიური სამუშაოებით ირჩენს. 23 მარტს, მარნეულის მუნიციპალიტეტში კარანტინის გამოცხადებისა და გზების ჩაკეტვის შემდგომ, ამ სოფლის მოსახლეობის უმეტესობა შემოსავლის გარეშე დარჩა.

Print