სოფლად მცხოვრები მოხუცები პენსიებს ვეღარ იღებენ
მარნეულის სოფლებში მცხოვრები პენსიონერები საარსებო წყაროს გარეშე რჩებიან. მათ პენსიის ასაღებად ქალაქში ჩასვლის შესაძლებლობა არ აქვთ. მანქანები კი, რომლებსაც მოხუცებისთვის პენსია სოფლებში მიჰქონდა, „ლიბერთი ბანკმა“ მუნიციპალიტეტიდან 23 მარტს გაიყვანა.

ამჟამად მარნეულელ მოხუცებს პენსიის აღება მხოლოდ ქალაქში არსებული „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში შეუძლიათ. მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, პენსიის გარეშე ისინიც დარჩნენ, ვისაც ქალაქში ჩამოსვლა ფიზიკურად შეეძლო.

„ამ თვის პენსია ჯერ არ ამიღია. არ ვიცი, მთავრობა გაგვიშვებს რომ ავიღოთ პენსია? რა ვიცი რამენაირად ავიღებთ, საჭიროება გვაქვს, მაგრამ როგორ წავიდეთ ორი ადამიანი ერთად, თუ აჯარიმებენ“.

„მანქანა არ მოდის სოფელში, ჩვენ როგორ წავიდეთ მა“რნეულში, როგორ იქნება ჩვენი საქმე?“

„პენსია ჯერ არ ამიღია, მარშრუტკები არ არის, რომ წავიდეთ“.

„მე კი წავედი და ავიღე პენსია, მაგრამ რას გვეყოფა? პროდუქტი არ არის, სამსახური არ არის. ვზივართ ასე სახლში“.

„მანქანა აღარ მოვა, ხო? მოხუცი ქალი ვარ, არ ვიცი, თუ არ მოვა მანქანა, რამე უნდა მოვიფიქროთ და წავიდე მარნეულში პენსიის ასაღებად“,
- სოფელ ქუთლიარში მცხოვრებმა პენსიონერებმა თავიანთი გასაჭირი რადიო „მარნეულს გაუზიარეს“.

ლიბერთი ბანკის თანამშრომელი თენგო სვანიძე გვეუბნება, რომ კომპანიამ მუნიციპალიტეტში მომუშავე ოთხი მანქანა, მარნეულის ჩაკეტვის შემდეგ, თბილისში გადაიყვანა. მთავრობის მიერ მიღებული ახალი რეგულაცით კი, ერთი მანქანით სამზე მეტი პირის გადაადგილება აკრძალულია. „ლიბერთი ბანკი“ ამ ეტაპზე მთავრობასთან მოლაპარაკებას აწარმოებს, რათა კომპანიის წარმომადგენლებმა კვლავ შეძლონ სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობამდე პენსიების მიტანა.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი 23 მარტს ამოქმედდა. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულში კორონავირუსით დაავადებული ქალის ინფიცირების წყაროს ვერ მიაგნეს. მუნიციპალიტეტის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო.

რადიო „მარნეული“

Print