„ამ რთულ პერიოდში თამაშის დრო არ არის!“ - მარნეულის მერი ქვემო ქართლში გავრცელებულ დეზინფორმაციაზე
„ამ რთულ პერიოდში თამაშის დრო არ არის!“ - ასე ეხმაურება მარნეულის მერი ზაურ დარგალი, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქო საკარანტინო რეჟიმი ქვემო ქართლში 1 აპრილიდან უნდა გაუქმებულიყო. მარნეულის მერი მსგავსი შინაარსის მატარებელ შეტყობინებებს საპირველაპრილო ხუმრობად აღიქვამს და მოსახლეობას მოუწოდებს არ აყვევნ დეზინფორმაციას.

„ყველამ იცოდეს, ვინც უერთდება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და დეზინფორმაციას ავრცელებს, შესაბამის პასუხს მიიღებს. კომენდანტის საათი და საკარანტინო რეჟიმი 21 აპრილამდე გაგრძელდება და იგივე ვრცელდება მარნეულზეც. სხვა არაოფიციალური ინფორმაცია არის დეზინფორმაცია. ასეთ საქციელს არაფერი ამართლებს, ხომ შეიძლება ვიღაც მართლა გამოვიდეს 9-ის (კომენდანტის საათის დროს, რედ.) მერე ქუჩაში და დაჯარიმდეს“.

ცრუ ინფორმაცის შემცველი შეტყობინება ზაურ დარგალმაც მიიღო.

ქვემო ქართლში გავრცელებულ დეზინფორმაციას 1 აპრილს საქრთველოს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა.

„ძვირფასო მოქალაქეებო, მოვუსმინოთ ინფორმაციის ოფიციალურ წყაროებს, მივყვეთ რეკომენდაციებს და ნუ ავყვებით დეზინფორმაციას!“



1 აპრილს მოსახლეობამ ამ შინაარსის შეტყობინება მიიღო:

„ხვალიდან კარანტინი გაუქმდება. ამის შესახებ გიორგი გახარიამ განაცხადა, რადგან მარეულში, ტესტირების შდეგად, კორონავირუსი არ დადასტურებულა“.



საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური კატეგორიულად უარყოფს სოციალურ ქსელსა და რამდენიმე ვებგვერდზე ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ხვალიდან უქმდება.

როგორც 1tv.ge-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ეს არის მორიგი დეზინფორმაცია, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 21 აპრილის ჩათვლით.

რადიო მარნეული შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს, დაიწყო თუ არა ფაქტზე გამოძიება.


Print