მეორე ქესალოელების პროტესტს თამაზ ნავერიანი მართულს უწოდებს
დღეს, 3 აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის წინ სოფელ მეორე ქესალოს მოსახლეობის ნაწილი შეიკრიბა. მოქალაქეები მერიისაგან სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვდნენ.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მეორე ქესალოელმა რაფიგ მეჰრაბოვმა თქვა, რომ სოფელში 74 ოჯახს სასმელი წყალი უკვე 22 დღეზე მეტია არ მიეწოდება, მერიის წარმომადგენლები კი პრობლემის მოსაგვარებლად არაფერს აკეთებენ.

„ჩვენ წყალი არ გვაქვს, არც სასმელი და არც სარწყავი. სასმელი წყალი იყო, მაგრამ მატორი გადაიწვა. ჭაბურღილიც გასაწმენდია, მერია დაგვპირდა დახმარებას, მაგრამ არ დაგვხმარებიან. ამბობენ, საქართველოში ვირუსიაო (covid-19) და ოცი წამის განმავლობაში უნდა დაიბანოთ ხელებიო. სასმელ წყალს ვერ ვნახულობ, ხელებს როგორღა დავიბან?“ - ამბობს რაფიგ მეჰრაბოვი



მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა თამაზ ნავერიანმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მეორე ქესალოში ჭაბურღილის გადამწვარი მატორი, რომლითაც 74 ოჯახი მარაგდება, უკვე აღდგენილია და ხვალიდან, 4 აპრილიდან, მოსახლეობას სასმელი წყალი მიეწოდება.

„მე ვფიქრობ, რომ რაღაც ინტრიგას აქვს აქ ადგილი. ყველაფერი გავარკვიე და მითხრეს, რომ სამი დღის წინ შემოვიდა მერიაში ოფიციალური განცხადება მეორე ქესალოში ჭაბურღილის მატორის გაფუჭებაზე და დღეს უკვე აღდგენილია ყველაფერი. ეს წყალი, რაც ამ ჭაბურღილშია ამ 74 ოჯახს სასმელადაც და სარწყავადაც ეყოფათ, მაგრამ მაინც აქვთ რაღაც გაურკვეველი პროტესტი“ - გვითხრა თამაზ ნავერიანმა

ნავერიანი ამბობს, რომ მეორე ქესალოს 74 ოჯახისათვის განკუთვნილი ჭაბურღილი ამოწმენდილიცაა და არც ამ მხრივ არსებობს რაიმე პრობლემა. მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი ფიქრობს, რომ მერიის წინ შეკრებილი მოსახლეობის პროტესტი გარკვეული ძალებისაგანაა მართული, მაგრამ ვერ აკონკრეტებს თუ ვისგან.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები