კორონავირუსთან საბრძოლველად მერიის სარეზერვო ფონდიდან დამატებით 200 000 ლარი გამოიყო
კორონავირუსის პრევენციისათვის მარნეულის მერიის სარეზერვო ფონდიდან  დამატებით 200 000 ლარი გამოიყო. ამის შესახებ ინფორმაცია 6 აპრილს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა თქვა და საკითხი  განსახილველად გამოიტანა.

“200 000 ლარს დავამატებთ სარეზერვო ფონდიდან. ჯამში გამოდის, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად 300 000 ლარი გამოიყო. ეს თანხა (200 000) ბიუჯეტში გათვალისწინებული გვქონდა სოფელ იმირში გადაჭრილი გორის გადახურვისთვის. გადახურვის თანხამ 750 000 ლარი შეადგინა.  საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისას აღმოჩნდა , რომ პროექტის ღირებულება ძალიან დიდია (სამ მილიონზე მეტია) ეს რთული მდგომარეობა რომ დამთავრდება, მთავრობასთანაც გვექნება კომუნიკაცია თანხის დამატებასთან დაკავშირებით. ვინაიდან, ამ სამუშაოებს ჯერჯერობით ვერ ვასრულებთ და  დაწყებული არ გვაქვს, 200 000-ით შევამცირეთ  და სარეზერვო ფონდს დავუმატეთ ეს თანხა“ - თქვა ვუგარ მამედოვმა.

სარეზერვო ფონდში 200 000-ის დამატებაზე დეპუტატებმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.

მარნეულის მერიამ სარეზერვო ფონდიდან სახსრების გამოყენებაზე დადგენილება 26 მარტს მიიღო და მოსახლეობის დახმარება 100 000 ლარით  დაიწყო. ვუგარ მამედოვის თქმით, ამ დრომდე 90 000 ლარია გახარჯული.

საქართველოს მთავრობამ მარნუელის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი კარანტინის რეჟიმი 23 მარტს გამოაცხადა. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. ქალაქის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო. დაიხურა ყველა სახის ბიზნეს ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა.

თეა დავაძე
რადიო "მარნეული"
Print
თეგები: covid-19