როდის გაიხსნება მარნეული - მუნიციპალიტეტის განმარტება
მარნეულის გახსნა და საკარანტინო რეჟიმის გაუქმება, ამ ეტაპზე, არ იგეგმება ბოლო დღეებში, რაც მარნეულის ჩაკეტვიდან ორი კვირა გავიდა, მოსახლეობაში ჩნდება კითხვები კიდევ რამდენ ხანს მოგვიწევს  საკარანტინო ზონაში ყოფნა და როდის შეძლებენ აქ ჩარჩენილი ადამიანები მუნიციპალიტეტიდან გასვლას. იმავე შინაარსის კითხვა დაისვა 6 აპრილს, საკრებულოს სხდომაზე რადიო „მარნეულის“ "ფეისბუკის" ლაივის დროს.  განმარტება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა ნავერიანმა და მერის მოადგილემ ლაშა ლობჯანიძემ გააკეთა. ნავერიანის თქმით, რაც შეეხება კარანტინის მოხსნას, აღნიშნული გადაწყვეტილება ღრმა  და კომპლექსური ანალიზის საფუძველზე მოხდება. იმ დინამიკის მიხედვით, რა დინამიკაც  გვექნება ამ მიმართულებით ჩვენს მუნიციპალიტეტში.

„ორკვირიან ვადასთან დაკავშირებით როგორც ვხედავ, საჭირო არის განმარტება. ორკვირიანი ვადა შეეხო და ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც დარჩნენ მარნეულში კარანტინის ამოქმედების დღიდან, რომლებიც  ჩვენ გადავიყვანეთ საკარანტინო სასტუმროებში. ისინი ყოველდღიურად იყვნენ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და  კონტროლდებოდნენ. შესაბამისად, მათზე გაიცემა ცნობა და უკვე გაიცა, რომ ისინი ორი კვირა ნამდვილად იყვენ კარანტინში , თვითიზოლაციაში. შემდეგ მათი ტრანსპორტირება და გადაადგილება მოხდება მარნეულის ტერიტორიიდან. მაგრამ რაც შეეხება მარნეულის გახსნას და კარანტინის მოხსნის, ამაზე ეს ორკვირიანი ვადა არ ვრცელდებოდა. ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ორი კვირა გავიდოდა და გაიხსნებოდა - საზღვრები ისევე რჩება. გვაქვს სტაბილური მდგომარეობა და ის მოლოდინები, რომელიც არსებობდა, ჩანს, რომ ნორმალურად მივდივართ და იმედია,  კარგად გადავლახავთ ამ სიტუაციას“ - თქვა ლაშა ლობჯანიძემ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო მაშინ ვერ დადგინდა.

თეა დავაძე
რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები