ხულდარელების ნაწილს ინტერნეტი არ აქვს და დისტანციურ სწავლებაში ვერ ერთვებიან

საქართველოს სკოლები დისტანციური სწავლების რეჟიმზე მარტის დასაწყისში გადავიდნენ.

მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაიხურა, იმისათვის, რომ მოსწავლეები სასწავლო პროგრამას არ ჩამორჩენილიყვნენ, სკოლებმა დისტანციური სწავლების სისტემა დანერგეს.

სოფელ ხულდარაში სკოლის მოსწავლეების დისტანციურ სწავლებაში ჩართვა სირთულეებთანაა დაკავშირებული. სოფელში ინტერნეტი გაყვანილი არაა.

მოსწავლეები გვიყვებიან, რომ გაკვეთილებში მობილური ინტერნეტის გამოყენებით ერთვებიან.

„ჩვენთან მობილური ინტერნეტია მხოლოდ, სოფელში ინტერნეტი არ გვაქვს. მობილურში გვიწევს ყოველ თვე 19 ლარიანი პაკეტის ჩართვა, მაგრამ ამის შესაძლებლობა ყველას არ აქვს და ვერ მონაწილეობენ გაკვეთილებში“ - გვიყვება ხულდარას საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე

მოსწავლეები ამბობენ, რომ გაკვეთილებში მონაწილებისთვის მათ მეზობელ სოფელში, სადახლოში, გადასვლა უწევთ. ამ სოფელში ნაცნობები ან ნათესავები ჰყავთ და დისტანციურ გაკვეთილებს მათი ინტერნეტის გამოყენებით ესწრებიან.

დისტანციური სწავლების ხარვეზებზე საუბრობენ მშობლებიც.

„მე 3 შვილი მყავს, სამივე სკოლის მოსწავლე. ძალიან რთულად მიდის დისტანციური სწავლების პროცესი. სახლში სამი კომპიუტერი კი გვაქვს, მაგრამ ჩემი მობილური ტელეფონიდან სამივე კომპიტერზე ინტერნეტს რომ ვაზიარებ, სიმძლავრე ეკარგება. პერიოდულად გვიწევს სადახლოში, ახლობლების სახლში, წასვლა და იქედან მეცადინეობა“ - გვიყვება ხულდარაში მცხოვრები სამი შვილის დედა

სოფელ ხულდარას სკოლის დირექტორი მახმუდ მამედოვი ამბობს, რომ სკოლიდან დისტანციურ სწავლებაზე რეგისტრაცია 26-მა მასწავლებელმა გაიარა. დისტანციური გაკვეთილები სკოლის 150 მოსწავლეს უნდა ჩაუტარდეს. ინტერნეტის არქონის გამო კი ერთი კლასიდან, სადაც 20 მოსწავლეა, დისტანციურ გაკვეთილებს დაახლოებით 4-5 მოსწავლე ვერ ესწრება.


 

Print